მნიშვნელოვანისაქართველო

“ოცნება” მეორე ტურს მხოლოდ მთაწმინდაზე ვარაუდობს

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ლიდერები არჩევნების მეორე ტურის გამართვას მხოლოდ მთაწმინდის ოლქში მოელიან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ დიდი უპირატესობით პირველივე ტურში იმარჯვებენ „ქართული ოცნების“ კანდიდატები ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის და ხულოს საარჩევნო ოლქებში.

„რაც შეეხება მთაწმინდის საარჩევნო ოლქს, დიდი უპირატესობა გვაქვს ამ ოლქშიც, თუმცა არ გამოვრიცხავთ მეორე ტურის შესაძლებლობას ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის. ზესტაფონიდან არ გვაქვს იმ რაოდენობის ოქმები, რაც განზოგადების საშუალებას მოგვცემდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო უბნების დახურვიდან 2 საათის შემდეგ.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ მცირე ოლქებშიც, სადაც საკრებულოს წევრთა არჩევნები ტარდება: ოზურგეთში, ტყიბულში, ჭიათურაში, წყალტუბოში, ადიგენში, საგარეჯოში, ზესტაფონში, ახმეტასა და პანკისის ხეობაში.

„19 მაისის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 12% იღებდა მონაწილეობას და, შესაბამისად, შედეგებიც იძლევა საშუალებას შევაფასოთ „ქართული ოცნების“ რეიტინგი. შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია. მთლიანობაში „ქართული ოცნება“ ალბათ ხმების დაახლოებლით 60%-მდე მიიღებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს რომ არჩევნების მეორე ტური შედგეს.

მდინარაძეც დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტური მხოლოდ ერთ ოლქში გაიმართება. იგი არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელ ოლქს გულისხმობს და ამბობს, რომ მათი მონაცემებით, სახელისუფლებო კანდიდატი ყველგან იმარჯვებს.

„მეორე ტურს შესაძლებელია ერთ ოლქში ველოდოთ, აბსოლუტურად გულწრფელი რომ ვიყო. მოდი ჯერ ნუ დავაკონკრეტებთ ამას, მაგრამ ჩვენი მონაცემებით ფაქტია, რომ ყველა ჩვენი კანდიდატი ყველა ოლქში დამაჯერებლად ლიდერობს,“-განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button