მნიშვნელოვანისაქართველო

ცხინვალში ე.წ. არჩევნებს საგარეო უწყება ეხმაურება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. როგორც უწყების განაცხადებაშია ნათქვამი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ,,არჩევნები” უკანონოა და რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ქართველთა ეთნიკური წმენდის მორიგ უშედეგო მცდელობას წარმოადგენს.

„აღნიშნული ე.წ. არჩევნები წარმოადგენს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდის, უკანონო ოკუპაციისა და საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას რუსეთისა და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან.

ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ტარდება იმ ფონზე, როცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე დარჩენილი მოსახლეობას უწევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის პირობებში ცხოვრება. ამავდროულად, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას, კონტროლს და ფაქტობრივი ანექსიის პროცესს, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული უგულებელყოფით“,- აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ ,,სამხრეთ ოსეთში” ე.წ პარლამენტის მეშვიდე მოწვევის არჩევნები გუშინ ჩატარდა. დე ფაქტო ცესკოს მიერ გამოცხადებული მონაცემებით, მასში პარტია „ერთიანი ოსეთი“ ლიდერობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button