მნიშვნელოვანი

ეკა მიშველაძე მედიაში დაბრუნდა

საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი პრესსპიკერი ეკა მიშველაძე რადიო თბილისის FM93.5 მთავარი პროდიუსერი გახდა.

მიშველაძე რადიოს სხვადასხვა გადაცემებს მოამზადებს და წაიყვანს, მათ შორის რადიო თბილისის საინფორმაციო გამოშვებებს 1 ივლისიდან, ყოველდღიურად, დილის ეთერში.

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის მფლობელისა და დირექტორის რამაზ სამხარაძის თქმით, ეკა მიშველაძის მრავალწლიანი გამოცდილება რადიოს პროფესიონალი გუნდისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია.

ეკა მიშველაძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 2016 წლის თებერვალში გაათავისუფლეს, მისი ტოკ-შოუ „პირველი სტუდია“ კი დაიხურა. მიშველაძემ გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციად შეაფასა და დაუკავშირა იმას, რომ მისი მეუღლე ალექსი პეტრიაშვილი ოპოზიციური პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“ლიდერი იყო.

აღნიშნული მიშველაძემ გაასაჩივრა და “საზოგადოებრივ მაუწყებელს” 3-წლიანი დავა სასამართლოს ყველა ინსტანციაში მოუგო. სასამართლო გადაწყვეტილებით, “საზოგადოებრივ მაუწყებელს” ეკატერინე მიშველაძის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.ეკა მიშველაძის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა. ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციების სასამრთლოების შეფასება, რომლის მიხედვითაც, “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” არ გამოიყენა მის ხელთ არსებული საშუალება ეკა მიშველაძის ალტერნატიული სამუშაოთი უზრუნველსაყოფად  და ვერც ის გარემოება დაამტკიცა, რომ ასეთი საშუალება არ გააჩნდა.

ეკა მიშველაძე 2016 წლის მაისიდან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვადის ამოწურვამდე, პრეზიდენტის პრესსპიკერის პოზიციას იკავებდა.

მიმდინარე წელს, რადიო თბილისის აღმასრულებელ დირექტორის პოზიცია ჟურნალისტმა აკაკი გოგიჩაიშვილმა დაიკავა, რომელიც მთლიანად ბიზნეს მიმართულებით მუშაობს. რამაზ სამხარაძის თქმით, რადიო თბილისი სოციალურ მედიაში სადაც ნახევარმილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს, ძალიან გააქტიურდა, რასაც ახლო მომავალში ვიდეო კონტენტიც აქტიურად დაემატება. სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი მალე ბათუმში ახალ დამოუკიდებელ რადიოსადგურს “ციტრუსს” FM97.3 -ზე გაუშვებს.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button