მნიშვნელოვანისაქართველო

თბილისი პრაიდი აღარ გაიმართება

თბილისი პრაიდის” ღონისძიება, რომლის გამართვაც დღეს შსს-სთან იგეგმებოდა, აღარ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს “თბილისი პრაიდის” საორგანიზაციო ჯგუფი.

რაც შეეხება ამავე პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს, ორგანიზატორის გიორგი თაბაგარის განმარტებით, სხვა ღონისძიებების გამართვის თაობაზე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ინფორმაციას ჯერჯერობით არ გაავრცელებენ.

ინფორმაცია ღირსების მარშის შსს-სთან ჩატარების თაობაზე 7 ივლისს, გვიან გავრცელდა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა მარშის ჩატარების ადგილი და დრო შეიტყვეს და შეიქმნა ძალადობის საფრთხე, მარშის ორგანიზატორებმა ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს.

მიუხედავად მარშის გაუქმებისა, ნაციონალისტური დაჯგუფებების წევრები ამ წუთებში შსს-სთან იკრიბებიან. „სახალხო ლეგიონის“ წარმომადგენელმა გურამ ფალავანდიშვილმა თანამოაზრეებს მოუწოდა არ დაუშვან მარშის ჩატარების შესაძლებლობა. ნაციონალისტური ჯგუფები გეგმავენ შეკრებას ვერის პარკშიც. განცხადება ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გაავრცელა.

თბილისი პრაიდთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც. საქართველოს საპატრიარქო მიიჩნევს, რომ განვითარებულ მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს და მხარდამჭერებს. ინფორმაცია, რომ თბილისი პრაისი 8 ივლისს გაიმართებოდა, ღონისძიების ორგანიზატორებმა გუშინ გაავრცელეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button