fbpx
Hereti FM

“რუსთავი2”-ის დამფუძნებლების უარი ქიბარ ხალვაშს

121
Share Button

“რუსთავი2”-ის დამფუძნებლები ქიბარ ხალვაშის შეთავაზებას, 40%-იანი წილის დათმობის შესახებ პასუხობენ. ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის პასუხი უარია. განცხადებაში ნათქვამია, რომ “ქართული ოცნება” საქართველოს მეორე ხელისუფლება გახდა, რომელმაც მიიტაცა დამოუკიდებელი ტელეკომპანია. ამის დასტურად კი სამაუწყებლო კომპანიის დამფუძნებლებს, ქიბარ ხალვაშის მიერ მათთვის კომპანიის 40%-ის შეთავაზება მოჰყავთ. ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი აცხადებენ, რომ არ აპირებენ თანამონაწილე სტატისტების როლში ყოფნას „რუსთავი 2-ის“ კვლავ სახელმწიფო არხად გადაკეთების პროცესში. მათივე თქმით, ხელისუფლებას არ გამოუვა სამართლიანობის აღდგენად გაასაღოს „რუსთავი 2-ის“ უკანონო მფლობელთა ჯაჭვში შუალედური რგოლისთვის ტელევიზიის გადაცემა.

მოუსმიენთ ჯარჯი აქიმიძის ხმას ►

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ქიბარ ხალვაშის წინადადებას, რომ „რუსთავი 2-ის“ 40%-იანი წილი გადაეცეთ, არ დათანხმდნენ. მათი თქმით, ქიბარ ხალვაშთან არანაირ მოლაპარაკებებს აღარ გამართავენ და ბრძოლას სამართლებრივი გზებით გააგრძელებენ. დავით დვალი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2-ის“ გადაეცა ერთ-ერთ შუალედურ რგოლს და არა იმას, ვისაც არხი პირველად წაართვეს, შესაბამისად, ეს არ არის სამართლიანობის აღდგენა. მისი თქმით, ქიბარ ხალვაშის უკან ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი დგას. დავით დვალმა სამთავრობო ტროლებისგან მისი და ჯარჯი აქიმიძის წინააღმდეგ წარმოებულ დისკრედიტაციის მცდელობაზეც ისაუბრა. სამაუწყებლო კომპანიის დამფუძნებლები არხის ახალ მფლობელთან შეხვედრას იხსენებენ, როდესაც წილების გადაცემასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

დავით დვალის ხმა ►

30 ივლისს, ქიბარ ხალვაშმა ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს შესთავაზა „რუსთავი 2“-ის 40%-იანი წილი. იმავე დღეს აქიმიძემ განაცხადა, რომ ამ წინადადებაზე უარს ამბობენ. ჯარჯი აქიმიძემ ერთ-ერთ მიზეზად ის დაასახელა, რომ ვერ იქნებიან გადაწყვეტილების მიმღებნი. ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა რამდენიმე წლის წინ საჯაროდ გაახმოვანა დაპირება, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული საქმის მოგების შემთხვევაში, ტელევიზიის დირექტორობას დავით დვალს შესთავაზებდა და ამასთან, დვალსა და აქიმიძეს ტელეკომპანიის წილის 50%-საც დაუთმობდა. მას შემდეგ, რაც 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა “რუსთავი 2”-ის სარჩელი და საქართველოში აღსრულდა უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება ტელეკომპანიის მფლობელად ქიბარ ხალვაშის აღიარების შესახებ, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ განაცხადეს, რომ სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა მათ დაუბრუნდებათ ძალით წართმეული “რუსთავი 2”.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი