მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ქვემო ალვანში საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე გაიხსენეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერში მისი თანასოფლელები, ოჯახის ნათესავები, ადგილობრივი ხელისუფლების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აღევლინა გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი.

ხელისუფლების წარმომადგენლებამ მემორიალი გვირგვინით შეამკეს. როგორც კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, “სამაყოა როდესაც საქართველოს ჰყავს სამშობლოსთვის თავდადებული გმირები”.

გიორგი ანწუხელიძე გაიხსენა მისმა მამიდამ, ეთერი ანწუხელიძემ.

“11 წელი გავიდა მაგრამ ტკივილი არ ნელდება. ერთი რითიც თავს ვიმშვიდებ ეროვნული გმირის წოდებაა. მეამაყება, რომ ასეთი ძმისშვილი გავზარდეთ”, – განაცხადა, გიორგი ანწუხელიძის მამიდამ.

ქვემო ალვანში იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველიც. “სწორედ ასეთი ადამიანების გმირობაზე დგას ჩვენი ქვეყანა და გიორგი ანწუხელიძე არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს ქართველი ვაჟკაცი; როგორ უნდა იბრძოლო შენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვისო”, – თქვა ბოტკოველმა.

გიორგი ანწუხელიძე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4-ე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი იყო. 2008 წლის აგვისტოში, რუსმა და ოსმა სამხედროებმა ის ცხინვალში წამებით მოკლეს.

ანწუხელიძის ცხედრის გადმოსვენება 2008 წლის ნოემბერში მოხერხდა. მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები კი ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა.
გარდაცვალების შემდეგ მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

მსგავსი პოსტები

Back to top button