მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

აქცია კახეთში – მევენახეები ყურძენზე ფასის გაზრდას ითხოვენ

ყვარლის ოთხი სოფლის მოსახლეობის ნაწილმა დღეს ყურძენზე დაბალი ფასი გააპროტესტა და ხელისუფლებისგან ღვინის კომპანიებთან შუამდგომლობა მოითხოვა.

ახალსოფლის, გავაზის, ჭიკაანის და ზინობიანისა მოსახლეობის ნაწილი, ახალსოფლის ცენტრში შეიკრიბა.  როგორც აქციაზე მევენახეებმა განაცხადეს, “1 კილოგრამი რქაწითელის ჯიშის ყურძნის ფასი დღეს 70 თეთრია, რაც მიზერულია და ღირებულება 1 ლარმდე უნდა გაიზარდოს”.

მევენახეებმა ხელისუფლებას ორდღიან ვადა მისცეს,წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასშტაბური აქციებით დაიმუქრნენ.

აქციის მონაწილე მევენახეებს შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მუხუზლა. ერთობლივი გადაწყვეტილებით ამ თემაზე მხარეებს შორის დიალოგი დღესვე დაიწყება.

წელს კახეთში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ყურძნის გადამუშავების პროცესში 23 ღვინის საწარმოა ჩართული. რთველის საკოორდინაციო შტაბში ღვინის მწარმოებელი 160 კომპანიაა დარეგისტრირებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button