fbpx
Hereti FM

ლაფანყურში ჰესის შესაძლო მშენებლობა გააპროტესტეს

82
Share Button

კახეთში დაგეგმილი კიდევ ერთი ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. ლაპარაკია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურზე, სადაც სოფლიდან დაახლოებთ 5-7 კილომეტრში მცირე ჰიდროელექტროსადგურის, „ლოპოტა 1“-ის მშენებლობა იგეგმება.

სოფელ ლაფანყურის მოსახლეობის ნაწილმა დღეს აქცია გამართა. ადგილობრივების თქმით, სოფელში ჩამომავალ მდინარეს არ გააჩნია ჰესისთვის საჭირო წყლის რესურსი, ხოლო კალაპოტი მცოცავი ქანებისგან შეგდება.

აქციაზე თქვეს, რომ „თუ ჰესი აშენდა, გაიჩეხება უნიკალური ხე-ტყე, მდინარე ლოპოტის დიდი ნაწილი მილებში მოექცევა, წყლის გარეშე დარჩებიან და გააქტიურდება მეწყერი“.

აქციის მონაწილე ლაფანყურელებმა ისიც თქვეს, რომ დღეიდან ჰესის მშენებლობის ადგილისკენ მიმავალ გზაზე მორიგეობას დააწესებენ, რომ მშენებელ კომპანიას ტერიტორიაზე შესაბამისი ტექნიკის შეყვანის საშუალება არ მისცენ.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ჰესის მშენებელი კომპანიის შპს “ართანა-ლოპოტის” წარმომადგენლები არ მისულან. გეგმის მიხედვით, მშენებლობის შემთხვევაში „ლოპოტა 1“-ის დადგმული სიმძლავრეა 5.9 მეგავატი იქნება.

აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე წელია პანკისის მოსახლეობა ჰესის „ხადორი 3“-ის მშენებლობას აპროტესტებს. ამის გამო მიმდინარე წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში დაპირისპირება მოხდა მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის.

ადგილობრივები ჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვდნენ, როცა ხეობაში საპოლიციო ძალები შეიყვანეს. შემდეგ მათ სპეცრაზმიც მიჰყვა. დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

იმ დროს 50-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელები. ხეობაში ვითარების დარეგულირებას ცდილობდა შს მინისტრი გიორგი გახარია. გახარიამ მაშინ თქვა, რომ ხეობაში ჰესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება, თუკი ადგილობრივების 90 % იქნება მომხრე.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი