Hereti FM

მეშახტეებმა აქციები შეწყვიტეს

416

“მეშახტეების მიერ დასახელებული კანდიდატი ელდარ ჩაფიძე ტყიბულის შახტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ხვალ დაინიშნება”, – ამის შესახებ განაცხადა „საქნახშირი ჯი-აი-ჯის“ გენერალურმა დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა.

მისივე თქმით, ახლა ძირითადი ღონისძიებები უსაფრთხოების კუთხით არის გასატარებელი და ასევე, საუბარია სოციალური პირობებზე, კერძოდ, გამოძიების პერიოდში მეშახტეებისთვის ხელფასების გაცემაზე.

შეგახსენებთ, ტყიბულში მეშახტეებმა საპროტესტო აქციების გამართვა შეწყვიტეს და კომპანია „საქნახშირთან“ მოლაპარაკების პროცესზე გადავიდნენ.

ისინი კომპანიისგან შახტის დირექტორად მათი კანდიდატის, ელდარ ჩაფიძის დანიშვნას ელოდებიან და შემდეგ მზად არიან, რომ როდესაც შესაძლებელი იქნება, შახტში სამუშაოდ დაბრუნდნენ.

ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მიმდინარე წლის 5 აპრილსა და 16 ივლისს მომხდარ უბედური შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

რადიო ჰერეთი