Hereti FM

უეფამ გურამ კაშია “თანასწორობის ჯილდოთი” დააჯილდოვა

551
Share Button

უეფამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გურამ კაშია “თანასწორობის ჯილდოთი” დააჯილდოვა.

ცერემონიალი მონაკოში გაიმართა, სადაც ასევე ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა და წლის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინეს.

თავად გურამ კაშია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტაბების ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობს, მონაკოში გამართულ ღონისძიებას ვერ დაესწრო და მის ნაცვლად პრიზი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა გადასცა.

ლევან კობიაშვილმა თქვა: “დიდი მადლობა უეფას პრეზიდენტს. ეს დიდი პატივია გურამისთვის, რომელმაც ძალიან რთული პერიოდი გადაიტანა. ხალხის ნაწილმა თქვა, რომ გურამ კაშიამ საერთოდ აღარ უნდა ითამაშოს ნაკრებში, მაგრამ არიან ქომაგები, რომლებიც ასე არ ფიქრობენ. თავად კაშიამ კრიტიკოსებს უპასუხა, რომ სანამ ერთი მხარდამჭერი მაინც ეყოლება, ჩამოვა სამშობლოში და სწორედ იმ ერთისთვის ითამაშებს. ჩემი მხრივ დავამატებ, რომ გურამს საქართველოში ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და ერთ-ერთი მათგანი მეც ვარ. ჩემი დიდი პატივისცემა გურამ კაშიას”.

ქართველმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამ გუშინ დილით მისი კლუბის, “სან ხოსეს” შემადგენლობაში ჩემპიონატის მატჩი ითამაშა და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მონაკოში ჩასვლა ვერ მოახერხა. კაშია აღნიშნული ჯილდოთი, რომელიც უეფამ წელს პირველად დააწესა, ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის მიიღო.

დარბაზში შეკრებილებმა თანასწორობის პრიზის ქართველი მფლობელის ვიდეომიმართვაც მოისმინეს.

“მინდა უეფას და მის პრეზიდენტს დიდი მადლობა გადავუხადო. ამ პრიზის მიღება ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და ჩემი ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა. ეს იყო ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო ამბავი ჩემთვის. ფეხბურთი ყოველთვის იყო და არის ჩემი სიყვარული. მე გავაგრძელებ ფეხბურთის თამაშს და ყოველთვის დავუჭერ მხარს ადამიანების თანასწორობას”, – განაცხადა გურამ კაშიამ ვიდეომიმართვაში.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი