Hereti FM

ვალერი გელაშვილს, რომელმაც ძაღლები ჩამოახრჩო, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

613
Share Button

44 წლის ვალერი გელაშვილს, რომელმაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის ტყეში 2 ძაღლი ჩამოახრჩო, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

გელაშვილს სამართალდამცველები სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევაში ედავებიან. აღნიშნული მუხლი ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.

მომხდარი მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც ერთ-ერთმა ტურისტმა ნინიგორის ტყეში ჩამოხრჩვალი ძაღლების ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა. ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ვალერი გელაშვილმა განაცხადა, რომ ძაღლების ჩამოხრჩობის გადაწყვეტილებამდე მეზობლებმა მიიყვანეს, რომლებიც გამუდმებით საყვედურობდნენ, რომ მისი ძაღლები შინაურ ფრინველს ანადგურებდნენ.

ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი მკაცრდება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრეს. თბილისის მერიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ურთიერთთანამშრომლობით შესაბამისი კანონპროექტი მოამზადეს, რომელიც პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება. მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, ბოლო პერიოდში ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტები გახშირდა, რაც უნდა აღმოიფხვრას.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი