მნიშვნელოვანისაქართველო

რუსეთის ფიჭური კომპანია MTC ახალ რგოლს კვლავ თბილისში იღებს

რუსეთის ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია MTC-ი ახალ სარეკლამო რგოლს კვლავ თბილისში იღებს.

ჯერ ცნობილი არ არის კლიპის შინაარსი, თუმცა ჰერეთის ინფორმაციით, გადაღებები დღეს დაიწყო და რამდენიმე დღეს გასტანს. გადამღები ჯგუფი თბილისის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ MTC-ის დაფარვის ზონა საქართველოს არ მოიცავს.

პირველად MTC-მა სარეკლამო კლიპი საქართველოში 2015 წელს გადაიღო. MTC-ის რგოლში მოხვედრილი თბილისის კადრები რუსეთის ფედერაციად მოიხსენიებოდა. აღნიშნულს სოციალურ ქსელში მწვავე პროტესტი მოჰყვა და საქართველოს მთავრობის წევრებმა და თბილისის მერიამ განმარტებაც გაავრცელა.

მაშინ კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებდნენ, რომ კლიპის მომზადებაზე ქართული მხრიდან კომპანიას ნებართვა არ მოუთხოვია.

“კულტურის სამინისტროს ვიდეოს გადაღების უფლება რა გაუცია და სამინისტრო არც იძლევა ასეთ ნებართვებს. თუ თბილისის ხედები არის ნაჩვენები და ნათქვამი ან დარქმეულია, რომ ეს თითქოს რუსეთის ტერიტორიაა, რა თქმა უნდა, ამას უარვყოფთ”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

“არ გვქონდა ამაზე ინფორმაცია. საქართველოში კლიპის გადაღებასაც მივესალმები და ფილმისაც, მაგრამ არ მივესალმები იმას, რომ საქართველო იყოს რუსეთი. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სუვენერული ქვეყანა. ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული და ეს ყველანაირად მიუღებელია ჩვენთვის, მაგრამ ის, რომ საქართველოში ვინმე ჩამოვა, გამოიყენებს ჩვენს ხედებს, გამოიყენებს ჩვენს ბუნებას, ჩვენს არქიტექტურას, დახარჯავს ფულს და გააკეთებს კარგ კლიპს, რა თქმა უნდა, ამას მივესალმებით”, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სკანდალის შემდეგ კომპანიამ განმარტებაც გაავრცელა:

„MTC, რუსული აუდიტორიისთვის, უცხოეთში სარეკლამო კლიპებს ხშირად იღებს. ცოტა ხნით ადრე გადაღებები მიმდინარეობდა ლოს-ანჟელესში, ისრაელში, მალიორკაზე და სხვა ადგილებში, რუსეთის საზღვრებს გარეთ. ამჯერად, კლიპს იდეალურად უხდებოდა შემოდგომის თბილისის ხედები: იქ ჩვენ შევძელით ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტა, როგორიცაა მზიანი სცენების გადაღება თანამედროვე არქიტექტურის, ქალაქის მყუდრო ხეივნების გარემოცვაში. კლიპის გადაღების სამუშაოების ძირითადი ნაწილი ქალაქის ისტორიულ ნაწილში მიმდინარეობდა. მნიშვნელობა არა აქვს სად ხდება რეკლამის გადაღება, მთავარია რა ემოციებს იწვევს ის. ჩვენთვის ეს გადაღებები დაუვიწყარი გამოცდილება იყო მსოფლიოს ერთ-ერთი უმშვენიერესი ქალაქიდან!”

მსგავსი პოსტები

Back to top button