მნიშვნელოვანისაქართველო

“ჩანაწერები მე და ოქუაშვილმა შეთანხმებულად გავაკეთეთ უცხოელების დასარწმუნებლად” – ყიფიანი

საქალაქო სასამართლოში დაკითხვიდან გამოსულმა ყოფილმა სპორტის მინისტრმა, ლევან ყიფიანმა თქვა, რომ სახელმწიფოსგან ზეწოლაზე ჩანაწერები ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზაზა ოქუაშვილმა მასთან შეთანხმებით ჩაწერა.

“ზოქუაშვილი მოვიდა ჩემთან და მთხოვა, შემომთავაზა, მივსულიყავი მასთან, რადგან მისი ბიზნესი წნეხს განიცდიდა უცხოელი პარტნიორებისგან, საქართველოში ბიუჯეტის გადასახდელი ჰქონდა, მან გადაწყვიტა ჩაგვეწერა მაკომპრომეტირებელი მასალა. მან მითხრა, რომ შიდა წარმოებისთვის სჭირდებოდა. ამით ის დაარწმუნებდა უცხოელ პარტნიორებს, რომ საქართველოს ხელისუფლება წნეხს ახორციელებდა მასზე და გადავადებას მოსთხოვდა. შესაბამისად, ეს მოგვარდებოდა საქართველოშიც”, – განაცხადა ყიფიანმა.

ამასთან სპორტის ყოფილმა მინისტრმა ე.წ. სარდაფის ინციდენტს “სრული სიყალბე” და „სამარცხვინო სიცრუე“ უწოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში, ყიფიანმა აღნიშნა, რომ ოთარ ფარცხალაძეს იცნობს და მასთან კომუნიკაცია არაერთხელ ჰქონია. ყიფიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არანაირ ზეწოლას ფარცხალაძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

სარდაფიდან გამოსულს ჰგავდა ისევ – ასე გამოეხმაურა ზაზა ოქუაშვილი სპორტის ყოფილი მინისტრის განცხადებას. “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ამბობს, რომ სკანდალური ჩანაწერების გახმაურების შემდეგ, ყველა ელოდა მთავრობისგან ნაბიჯებს და ლევან ყიფიანის განცხადებებიც ამ სპექტაკლის ნაწილია.

ლევან ყიფიანის განცხადების და მისი ვერსიის არ სჯერა სამოქალაქო სექტორს. არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ სპორტის ყოფილი მინისტრის განცხადება ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით არათუ პასუხობს ამ საქმის შესახებ შეკითხვებს, არამედ უფრო მეტ საეჭვო გარემოებას აჩენს. არასამთავრობოები ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button