მნიშვნელოვანისაქართველო

ტელეკომპანია “იბერიამ” მაუწყებლობა შეწყვიტა

ტელეკომპანია იბერიაში განაცხადეს, რომ ფინანსური კრიზისის გამო არხზე დაიხურა ყველა საინფორმაციო გადაცემა.
არხზე შეჩერებულია საავტორო გადაცემებიც. იბერიაში ამბობენ, რომ ტელეკომპანია იძულებული იყო, გაჩერებულიყო, ვინაიდან მათ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო.

პარლამენტის წევრი, “ომეგა ჯგუფის” და ტელეკომპანია “იბერიას” დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე, ამბობს, რომ ტელეკომპანიის მიერ მაუწყებლობის შეწყვეტა არც ხელისუფლებისთვის იქნება სიკეთის მომტანი.

ჩხეიძის თქმით, სამართლებრივი ბრძოლა ლონდონში გრძელდება.

“იბერიამ შეწყვიტა მაუწყებლობა, ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რასაც აგერ 2 წლის განმავლობაში აკეთებდა და ემზადებოდა ამ დღისთვის და რასზეც აგვისტოდან ხმამაღლა საუბრობდა იბერიაც და ომეგა ჯგუფიც. ძალიან სამწუხაროა ეს ვითარება, მაგრამ სამწუხაროა ეს, არა მხოლოდ იბერიისთვის, არამედ ქვეყნისთვის, რადგან, როდესაც ასეთი მეთოდებით ებრძვი მედიას, ეს არასდროს სასიკეთოდ არ აისახება ხოლმე ხელისუფლების მოქმედებაზე,” – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ტელეკომპანია იბერიას საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ვახტანგ ხუზმიაშვილი, ამბობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რათა ტელეკომპანიას მაუწყებლობა შეეწყვიტა.

“ახლა რაც ხდება ტელეკომპანია იბერიაში, რომ ვერ გავა პოლიტიკური თოქ-შოუები, საინფორმაციო გამოშვება, ამაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის ხელისუფლებას. ქვეყნის ხელისუფლებამ მოახერხა, რომ არჩევნებიდან 12 დღით ადრე შეეჩერებინა ჩვენი მაუწყებლობა,” – განაცხადა ვახტანგ ხუზმიაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2″_თან საუბარში.

მსგავსი პოსტები

Back to top button