fbpx
Hereti FM

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

282
Share Button

საქართველოში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. კენჭისყრის შენობებში ხმის მიცემის პროცედურა უკვე დაიწყო.

2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენს. არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.

საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, რომლებიც დაბეჭდილია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და ასევე რამდენიმე უბნისთვის დაბეჭდილია სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური).

ცესკოს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი; აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში ჩართულ მხარეებს შეახსენებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია აკრძალულია.

საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად კენჭს 25 კანდიდატი იყრის.

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო არჩევნებია, სადაც ამომრჩეველი პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევს.

საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს.

ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან კი ძალაში შედის ახალი რედაქციის კონსტიტუცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლაა.

შემდგომ პრეზიდენტს ამომრჩევლის ნაცვლად, საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგია 300 წევრით დაკომპლექტდება და მის შემადგენლობაში შევლენ საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი