Hereti FM

ოთარ ფარცხალაძის საქმე და შეფასებები

78
Share Button

დღეს სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქმე ეხება გასულ წელს „ელცენტროში“ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ფარცხალაძე გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა. საქმე ძიებაში წელიწადი და 7 თვის განმავლობაში იყო, თუმცა ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი მხოლოდ გუშინ წარუდგინეს. უფლებადამცველის ინფორმაციით, ფარცხალაძისთვის გირაო ბრალდების მხარემ მოითხოვა. ყოფილი მთავარი პროკურორი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

პროკურორის ემზარ გაგნიძის და ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის ხმა ►

ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ინტერესების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის ინფორმაციით, დღეს პროკურატურიდან შეატყობინეს, რომ ლაშა თორდიას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. ცქიტიშვილის განცხადებით, თორდიას დაზარალებულად ცნობას უშედეგოდ ითხოვდნენ გამოძიების დაწყებისთანავე, 2017 წლის მაისიდან. ალეკო ცქიტიშვილის თქმით,„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თავიდანვე აპროტესტებდა და დღესაც მიუღებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს. ცქიტიშვილის განმარტებით, ლაშა თორდიაზე ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის თავდასხმა უკავშირდებოდა თორდიას, როგორც გენერალური აუდიტორის საქმიანობას და არა მის პირად ცხოვრებას, რადგან საქმე ეხებოდა აუდიტის დასკვნას სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან ფარცხალაძის კავშირის შესახებ.

უფლებადამცველის ალეკო ცქიტიშვილის და დაზარალებულის ლაშა თორდიას ხმა ►

დანაშაულის ჩადენისთვის პასუხს ყველა აგებს – ასე ეხმაურება ოთარ ფარცხალაძის საქმეს თბლისის მერი. ეკა ბესელიას თქმით, მთავარია არსებული საგამოძიებო პროცესები იყოს სამართლიანი და კითხვები უპასუხოდ არ დარჩეს.

კახა კალაძის და ეკა ბესელიას ხმა ►

მმართვლი გუნდის წარმომადგენლები თუ სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავეთა დასჯაზე საუბრობენ, პროცესებს წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებენ ოპოზიციაში.

“ევროპული საქართველოდან” გიორგი ტუღუშის და “ნაციონალური მოძრაობიდან” ნიკა მელიას ხმა ►

„გამოჩნდა თვალნათლივ, კიდევ ერთხელ, რომ პროკურატურა არის პოლიტიკური თამაშის მონაწილე,“ – ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენას. მშვენიერაძის შეფასებით, პროკურატურის მიერ გირაოს მოთხოვნა სწორედ პოლიტიკური თამაშის ნაწილია. გიორგი მშვენიერაძე აღნიშნავს, რომ ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე გამოძიება სხვა მუხლით უნდა წარმართულიყო, რადგან ყოფილი გენერალური აუდიტორი ღიად ამბობდა, რომ მასზე თავდასხმა მისი საქმიანობიდან გამომდინარე მოხდა.

გიორგი მშვენიერაძის ხმა ►

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი