მნიშვნელოვანისაქართველო

დააკავეს გიორგი მარგველაშვილის სიძე

დააკავეს საქართველოს პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და კიდევ ერთი პირი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ისინი დაკავებულნი არიან ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე.

ძალოვან უწყებაში თქვეს, რომ თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, ხოლო კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამ პირების მიერ ბინიდან გადაგდებული ორი პისტოლეტი.

მინდია გოგოჭური დროებითი მოთავსების იზოლატორში უკვე გადაიყვანეს, მეორე პირი კი პენიტენციურ დაწესებულებაშია.

“შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობაა”, – განაცხადეს შსს-ში.

მინდია გოგოჭური, რომელიც საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ქალიშვილის ქმარია, 2017 და 2018 წლებში თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღით ორჯერ დაჭრეს.

გოგოჭურის სახელი ფიგურირებს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში.

მსგავსი პოსტები

Back to top button