საქართველოსიახლეები

“სახალხო დამცველის ინსტიტუტი ძალიან შესუსტდა”

“სახალხო დამცველის ინსტიტუტი ძალიან შესუსტდა”, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ვაშაძის თქმით, სახალხო დამცველის დასკვნებს კონკრეტულად მოგვიანებით გაეცნობა, თუმცა ზოგადად, ვაშაძე მიიჩნევს, რომ ნინო ლომჯარიამდე საქართველოს უკეთესი ომბუდსმენები ჰყავდა.

„ლომჯარიამდე საქართველოს გაცილებით უკეთესი სახალხო დამცველები ჰყავდა. თუნდაც იგივე უჩა ნანუაშვილი, ვისგანაც არ ველოდი, რომ ასეთი ძლიერი სახალხო დამცველი იქნებოდა. გაცილებით სწრაფად, მკაფიოდ და მყისიერად აფიქსირებდა ხოლმე ყველა ფაქტთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას და პრობლემების მოგვარებაში თვითონ ერთვებოდა. ვფიქრობ, დღეს ჩვენ სახალხო დამცველის ინსტიტუტი ძალიან შეგვისუსტდა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ნინო ლომჯარიას ახასიათებს იმის თქმა, რომ არჩევნებზე დარღვევები ორივე მხრიდან იყო.

„საერთოდ, ამ ქალბატონს ახასიათებს ხოლმე იმის თქმა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით დარღვევები ორივე მხრიდან იყო. უკაცრავად, რა? ამ არჩევნებზე მასობრივი მოსყიდვა და ადამიანის ნების გამოხატვაზე მასობრივი ზეგავლენა იყო. რა არის სახალხო დამცველი გარდა იმისა, რომ ადამიანის უფლებების ამ მასობრივ დარღვევებზე საუბრობდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button