საქართველოსიახლეები

გია ვოლსკი: “დიმიტრი გაბუნიას პოზიციები ინტერპრეტირებულია”

არსებობს საკითხები, რომელიც სასამართლოს მიერ არის შესაფასებელი, მაგალითად, იყო თუ არა დამნაშავე ადამიანი, ვისაც დიმიტრი გაბუნია იცავდა, ხოლო მისი პოზიციები ამ საკითხზე ინტერპრეტირებულია, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა „ქალთა მოძრაობის“ მიმართვას არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისადმი, რომ საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას დანიშვნის გადაწყვეტილებას გადახედოს.

„როცა ადვოკატი მისი დაცვის ქვეს მყოფი ადამიანის პოზიციას იცავს, ეს არ ნიშნავს, რომ მის ქცევაშიც გარკვეული პოზიცია უნდა განვჭვრიტოთ შორეულ მომავალში. მით უმეტეს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ კონკრეტულ ადამიანზე, სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ დადგება. მეორე საკითხია, რომ თემა გადაწყვეტილი არ არის და ამის სკანდალიზაცია უადგილოა. მე ვფიქრობ, მკაფიო და მკაცრი განცხადებებისგან ჯერჯერობით ყველამ თავი უნდა შეიკავოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ გაბუნიამ თქვა: „რას აკეთებდა ზვიად დევდარიანი ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს, ზოგადად მიმოწერაზე ვამბობ“, – ვოლსკიმ უპასუხა, რომ ადვოკატის გამონათქვამი გარკვეულ ინტერპრეტაციას დაექვემდებარა.

„მე არ ვარ გაბუნიას ადვოკატი, თუმცა ვფიქრობ, რომ გარკვეულ ინტერპრეტაციას დაექვემდებარა მისი გამონათქვამი. ისე წარმოაჩინეთ სიტუაცია, თითქოს იმან აღიარა თავისი დანაშაული და ადვოკატი ამ დანაშაულზე საუბრობს, რომ ეს დანაშაული არაფერს წარმოადგენს და არც ერთი ნიშნით არ შეიძლება იყოს ის გამტყუნებული. ასე წარმოადგენენ თავის პოზიციას. ამ დროს გაბუნია ამბობს, რომ შესაძლოა ასეთი მიმოწერა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს და ეს არ ნიშნავს, რომ დანაშაულის ნიშნები არის სახეზე. მე კიდევ ვიმეორებ, ინტერპრეტაცია ამ საკითხისა არ ეხება არც გია ვოლსკის და არც ნებისმიერ სხვა პოლიტიკოსის სასაუბრო თემებს. არსებობს საკითხები, რომელიც სასამართლოს მიერ არის შესაფასებელი, მაგალითად იყო თუ არა დამნაშავე ადამიანი, ვისაც გაბუნია იცავდა. ვფიქრობ, მისი პოზიციები ამ საკითხზე ინტერპრეტირებულია, თუმცა იქნება იგი თუ არა საპარლამენტო მდივანი ესეც ჯერ კიდევ გაურკვეველი საკითხია“, – აღნიშნა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, „ქალთა მოძრაობა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გადახედოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვის გადაწყვეტილებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button