კულტურამოზაიკა

როგორ აღნიშნავენ ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

ახალი წელი ინტერნაციონალური დღესასწაულია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ.

გთავაზობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალი წლის ტრადიციებს:

იტალია

იტალიაში ახალი წელი 6 იანვრიდან იწყება. ლეგენდის მიხედვით, 6 იანვრის ღამეს ციდან ცოცხით კეთილი ჯადოქარი ბეფანა მოფრინავს. ის კარებს პატარა ოქროს გასაღებით აღებს და პატარებს საძინებელში საჩუქრებს უტოვებს, მათ კი, ვინც ცუდად სწავლობს- ნაცარს ან ნახშირს.

იტალიელ თოვლის ბაბუას „ბაბო ნატალე“ ჰქვია.

იტალიელები ახალი წლის ღამეს ფანჯრიდან ძველ ნივთებს ყრიან. ყველაზე ხშირად ისინი ფანჯრებიდან ძველ უთოებსა და სკამებს აგდებენ.

საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი იტალიურ ოჯახში თხილი, ყურძენი და ოსპია, რაც ხანგრძლივი სიცოცხლის, ჯანმრთლობისა და კეთილდღეობის სიმბოლოა.

 

ეკვადორი

უჩვეულო საახალწლო ტრადიცია აქვთ ეკვადორელებსაც. ისინი ახალი წლის ღამეს კოცონზე მამაკაცის ფიტულებს წვავენ. რიტუალი „ქვრივების ტირილის“ სახელითაა ცნობილი და სიმბოლურად „ცუდი ქმრების“ დატირებას გამოხატავს. უჩვეულო რიტუალს ქვრივის ფორმებში გადაცმული მამაკაცები ასრულებენ.

მათი ტრადიციით, ვისაც მთელი წელი მოგზაურობა სურს, ჩემოდნებით ან დიდი ჩანთებით სახლს რამდენჯერმე უნდა შემოურბინონ, სანამ საათი თორმეტს არ ჩამოჰკრავს.

ვისაც პირადი ცხოვრების შეცვლა, გათხოვება ან ცოლის მოყვანა სურს, ახალ წელს წითელი თეთრეულით უნდა შეხვდეს.

ძველი წლის უსიამოვნებების დასავიწყებლად კი ეკვადორელები ფანჯრიდან წყლიან ჭიქას ისვრიან.

 

შვედეთი

შვედი ბავშვები ახალ წელს სამყაროს დედოფალს, ლუჩიას ირჩევენ. მას თეთრ სამოსს აცმევენ და თავზე ანთებულსანთლებიან გვირგვინს ახურავენ. ლუჩია ბავშვებს საჩუქრებს ურიგებს. მას არც შინაური ცხოველები ავიწყდება და კატებს- გემრიელი მუსით, ძაღლებს- შაქრის ძვლით, სახედრებს კი სტაფილოთი ასაჩუქრებს. ახალი წლის ღამეს სახლებში შუქს არ აქრობენ, ქუჩები კი საგულდაგულოდაა განათებული.

 

ინგლისი

ინგლისში ახალ წელს ბავშვებისთვის წარმოდგენებს მართავენ. მხიარულ კარნავალში მონაწილეობას პატარებისთვის საყვარელი ზღაპრის გმირები: ჰობი ჰორსი, პანჩი და სხვა პერსონაჟები იღებენ. მთელი ღამის განმავლობაში ქალაქის ქუჩებში გარემოვაჭრეები სათამაშოებს, ნიღბებს, ფრანებს და სხვა საახალწლო ატრიბუტებს ყიდიან.

ინგლისში ტრადიციად შემორჩა საახალწლო მისალოცი ბარათების გაგზავნა.

ძილის წინ ბავშვები მაგიდაზე ცარიელ თეფშებს ტოვებენ, რომელზეც თოვლის ბაბუამ საჩუქრები უნდა დაუწყოს, ფეხსაცმელებში კი სანტას სახედრისთვის თივას ყრიან.

ახალი წლის სუფრას ინგლისურ ოჯახში ინდაური ამშვენებს შემწვარი კარტოფილით და სოუსით. ასევე ძალიან პოპულარულია ბრიუსელის კომბოსტო ხორცის ღვეზელით, პუდინგი, ხილი და ტკბილეულობა.

 

შოტლანდია

შოტლანდიაში ახალი წლის დღესასწაულს „ჰოგმანის“ უწოდებენ. ამ დღეს მთელი ქალაქი რობერტ ბერნსის ტექსტზე შექმნილ შოტლანდიურ სიმღერას მღერის. ახალი წლის ღამეს თივით გავსებულ კასრებს ცეცხლს უკიდებენ და ქუჩებში აგორავებენ, რაც სიმბოლურად ძველი წლის გაცილებას ნიშნავს.

ახალ წელს შოტლანდიელები ტრადიციულ კერძებს, შვრიის ორცხობილებს, პუდინგს, ყველის განსაკუთრებულ ნაირსახეობას, „კებენს“ ამზადებენ, ვახშამზე კი მოხარშული ბატი და ბიფშტექსი, ასევე, ნამცხვარი და შემწვარი ვაშლები აქვთ.

შოტლანდიური ტრადიციით, ბედნიერი იქნება თუ არა დამდეგ წელს ოჯახი, იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ შევა პირველად სახლში. ადგილობრივთა რწმენით, თუ პირველი სახლში მუქთმიანი მამაკაცი შევა, ის ოჯახს ბედნიერებას მოუტანს.

ირლანდია

ირლანდიური შობა უფრო მეტად რელიგიური დღესასწაულია, ვიდრე უბრალო გართობა. შობის ღამეს სარკმელთან სანთლებს ანთებენ. ამით ისინი იოსებსა და მარიამს თავშესაფარს სთავაზობენ.

ირლანდიელი ქალები ტრადიციულ ნამცხვარს, ე.წ. „სიდ ქეიქს“ აცხობენ.

 

საფრანგეთი

ფრანგ თოვლის ბაბუას „პერ ნოელი“ ჰქვია. ის ახალი წლის ღამეს ბავშვებს საჩუქრებს ფეხსაცმელებში უტოვებს.

საფრანგეთში ძალიან პოპულარულია სანტონები – თიხის ან ხის პატარა ფიგურები, რომლებსაც ნაძვის ხესთან დებენ.

 

ინდოეთი

ინდოეთის სხვადასხვა ნაწილში ახალ წელს სხვადასხვა დროს აღნიშნავენ.

ზაფხულის დასაწყისში აღინიშნება „ლორის“ დღესასწაული. ამ დღეს ბავშვები სახლებთან მშრალ ტოტებს, თივას და ძველ ნივთებს აგროვებენ, რომლებსაც ღამით წვავენ, კოცონის გარშემო ცეკვავენ და მღერიან.

შემოდგომაზე აღინიშნება „დივალის“ დღესასწაული. ამ დღეს სახლების სახურავებსა და ფანჯრის რაფებზე ათასობით სანთელი ინთება. გოგონები წყალში პატარა გემებს უშვებენ, რომელზეც სანთლები ანთია.

 

იაპონია

იაპონელი ბავშვები ახალ წელს ახალ ტანსაცმელში ხვდებიან. ახალი წლის ღამეს ისინი ბალიშების ქვეშ იალქნიან ნახატებს მალავენ და იმედოვნებენ, რომ ნავებით მათთან შვიდი კეთილი ჯადოქარი მიცურდება.

იაპონელებს ახალი წლის დადგომას გონგის 108 დარტყმა ამცნობს. ადგილობრივთა რწმენით, თითოეული დარტყმა ადამიანის თითო უარყოფით თვისებას კლავს. ასეთი კი ადამიანს 6 თვისება აქვს: სიხარბე, სიბოროტე, სიბრიყვე, უგუნურობა, თავდაუჯერებლობა და შური. თითოეულ უარყოფით თვისებას კი 18 განშტოება აქვს.

ახალი წლის პირველ წუთებში იაპონელები ხმამაღლა იცინიან, რაც ადგილობრივთა რწმენით, მათთვის ბედნიერების მომტანი იქნება. იმისათვის, რომ ბედნიერებამ მათ სახლებში შეიხედოს, იაპონელები სახლის კარს ლელქაშებითა და ღიღილოებით რთავენ.

იაპონელების სუფრას საახალწლოდ მაკარონი, ბრინჯი, ჭანარი და ლობიო ამშვენებს. ტრადიციული საახალწლო ატრიბუტია ბრინჯის ფქვილისგან გამომცხვარი ფუნთუშები.

იაპონელ თოვლის ბაბუას „სეგაცუ სანი“ ჰქვია

 

ბირმა

ბირმაში ახალი წელი აპრილში დგება. ზუსტ თარიღს კულტურის სამინისტრო აცხადებს. დღესასწაული 3 დღეს გრძელდება.

ადგილობრივთა რწმენით, წვიმის ღმერთები ვარსკვლავებზე ცხოვრობენ და ხანდახან სათამაშოდ მთვარეზე იკრიბებიან. ამ დროს ციდან წვიმა მოდის. ვარსკვლავური სულების საამებლად ბირმელებმა თოკის გადაწევის შეჯიბრი მოიგონეს. მასში მონაწილეობას ორი სოფლის მამაკაცები იღებენ. ქალაქებში კი თოკის გადაწევაში ერთმანეთს ორი ქუჩის მამაკაცი ეჯიბრება. ქალები და ბავშვები კი მათ გულშემატკივრობენ და ამხნევებენ.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button