Hereti FM

16 დეკემბრის მოვლენების მონაწილეთა დაკავება

85
Share Button

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 16 დეკემბერს კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე კიდევ 1 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლიციელზე თავდასხმისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1986 წელს დაბადებული ვ.მ. გარდაბნის რაიონში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დგინდება, რომ ვ.მ. 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარი ინციდენტების დროს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთან – დავით კირკიტაძესთან ერთად თავს დაესხა სამინისტროს ავტობუსში მყოფ პოლიციელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, გრძელდება ინციდენტების ამსახველი ვიდეომასალის შესწავლა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 დეკემბერს, კახეთში, ოპოზიციის მხარდამჭერზე ძალადობისთვის 2 პირი დააკავა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერის, 1988 წელს დაბადებული შ.დ.-ს გამოკითხვით გაირკვა, რომ მას 16 დეკემბერს სოფელ ველისციხეში ფიზიკური შეურაცხყოფა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიაყენეს.

“პოლიციის მიერ გატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ქ. გურჯაანში დაკავებული არიან შ.დ.-ზე ძალადობაში მონაწილე პირები: 1967 წელს დაბადებული გ.მ. და 1971 წელს დაბადებული მ.უ. რომლებიც აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები”, – აცხადებენ შსს-ში.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი