საქართველოსიახლეები

“გვაქვს წითელას სერიოზული ეპიდაფეთქება”

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში წითელას ვირუსის 312 შემთხვევა დაფიქსირდა.
მისივე თქმით, წითელას შემთხვევები მნიშვნელოვნად იზრდება და ქვეყანაში სერიოზული ეპიდაფეთქებაა.
​მან მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი რაოდენობაა.

„წითელასთან დაკავშირებით მივმართავ მოსახლეობას – პირველი ორი კვირის განმავლობაში სერიოზულად იმატა წითელას რაოდენობამ. პირველი იანვრიდან სულ 312 შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან 2000-2200 შემთხვევა იყო. სამწუხაროდ, სამი გარდაცვალებით დასრულდა. წითელა არ არის სახუმარო დაავადება. ის სერიოზულ გართულებებს იწვევს და შეიძლება ფატალური შედეგი მოჰყვეს.
გასულ წელს 41 000 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 35 გარდაცვალებით დასრულდა. წითელა მხოლოდ იმუნიზაციას ემორჩილება. წითელა ემართებათ იმ ადამიანებს, ვისაც არ გადაუტანიათ ეს დაავადება ან არ გაუკეთებიათ აცრა. აცრის ან დაავადების გადატანის შემდეგ, რჩება მყარი იმუნიტეტი და დიდი ალბათობით, 97-98 პროცენტს წითელა მეორედ არ ემართება. საქართველოში ​დაავადებულების ყველაზე დიდი კონცენტრაცია, 56 პროცენტი 20-40 წლის ადამიანებზე მოდის, რვა პროცენტი 0-1 წლამდე ასაკის ბავშვებზე. სავარაუდოდ, მათ დედებს აცრა არ ჰქონდათ გაკეთებული.

ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ვაქცინაა. ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებულია, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მიმართოს პოლიკლინიკას და სრულიად უფასოდ აიცრას. მოვუწოდებ მშობლებს, გაიხსენონ, აქვთ თუ არა მათ შვილებს წითელას საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული. თუ არ აქვთ, აცრან ბავშვები. ასევე, 20-40 წლის მოქალაქეებს თუ არ გადაუტანიათ წითელა ან თუ არ აქვთ აცრა გაკეთებული, მიმართონ პოლიკლინიკებს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის განკარგულება წითელას საწინააღმდეგო დამატებითი ღონისძიებების შესახებ გუშინ მომზადდა, სადაც სერიოზულად მკაცრდება ნორმები.

„დაავადება სერიოზულად იზრდება. გვაქვს სერიოზული ეპიდაფეთქება. გუშინ მომზადდა მთავრობის განკარგულება წითელას საწინააღმდეგო დამატებითი ღონისძიებების შესახებ, სადაც სერიოზულად მკაცრდება ნორმები და ეძლევათ მითითება შესაბამის უწყებებს, აუცილებელ აცრებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button