Hereti FM

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ჩემპიონს სცემა

192
Share Button

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა დღეს სასამართლოში ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით ჩვენება მისცა.
სასამართლოში დაკითხვამდე, დათუნაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ გეგა გეგეშიძე ცრუობს, როცა ჩხუბში მონაწილეობას უარყოფს. „იმდენი ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, რომ სიმართლე თქვას“, – თქვა მოჭიდავემ.
ზურაბ დათუნაშვილის თქმით, ყველამ დაინახა, როგორ ჩხუბობდა ხელკეტით ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი და მის გადაყენებას ელის.

„გუშინ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, სადაც ამ ყველაფერს უარყოფს და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს. შევხედოთ აბა, როგორ აპირებს თანამშრომლობას. მე ვიტყვი ჩემს სიმართლეს, ჩემი სიმართლეა ის, რაც ყველამ კარგად დაინახა, სადაც ფედერაციის პრეზიდენტი ძალიან აგრესიულად, ხელკეტით მოქმედებდა. ეს არის ჩემი სიმართლე და ის უნდა გადადგეს თანამდებობიდან.

მე არ ვამბობ, რომ ვინმე მფარველობს და ვიცი, რომ გადააყენებენ, არავის არ სჭირდება მსგავსი პრეზიდენტი. განცდა მაქვს, რომ საქართველოში სიმართლე იზეიმებს და ვნახოთ“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

დღესვე, მომხდარი ფაქტი დაგმეს სპორტის მინისტრმა და თბილისის მერმა. კახა კალაძემ შემთხვევას ამაზრზენი უწოდა, ხოლო მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სპორტში მშვიდი გარემო უნდა იყოს შენარჩუნებული და გამოძების დასრულების შემდეგ, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. მოისმინეთ მათი კომენტარები.

ზურაბ დათუნაშვილმა Facebook-ით განცხადება 16 იანვარს გაავრცელა. მან 11 იანვარს სპორტის სასახლეში მომხდარ ჩხუბში დაადანაშაულა ფედერაციის ხელმძღვანელობა და პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე. მისი თქმით, ერთ-ერთმა მსაჯმა მისი ასპარეზობისას არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. მისი პროტესტის შემდეგ კი, მოჭიდავეს და მის ძმას ფედერაციის ხელმძღვანელობა ფიზიკურად გაუსწორდა. ხოლო პრეზიდენტმა მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

ზურაბ დავითაშვილის თქმით, ეს შემთხვევა იქ მყოფებმა დაინახეს. მოგვიანებით, „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, სავარაუდოდ როგორ ურტყამს რაღაც საგანს ფედერაციის პრეზიდენტი მოჭიდავეს. თუმცა, თავად გეგა გეგეშიძემ განაცხადა, რომ მას რაიმე საგნის გამოყენებით დაზიანება არავისთვის მიუყენებია.

შსს-ს ინფორმაციით, სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე, მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება 11 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი