მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

შსს-მ ნარკოდანაშაულის გამო თბილისში 9 პირი დააკავა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 2-თვიანი ძიების შედეგად, საქართველოში ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემა გამოავლინეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავა და თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებული სამალავებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.კ.-მ და ა.ბ.-მ ონლაინ საკომუნიკაციო აპლიკაცია “ტელეგრამის” მესენჯერში შექმნეს ჯგუფები – ე.წ. “drug-shop”-ები, ხოლო ინტერნეტპლატფორმა “მატანგაზე” – ნარკოტიკების სარეალიზაციო ონლაინ მაღაზია.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, დაახლოებით, 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰაშიში” ნივთმტკიცებად ამოიღო. ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. “ბიო” და ნარკოტიკული საშუალება “ალფა პვპ”, რომლებიც განკუთვნილი იყო “ტელეგრამში” არსებული ჯგუფების – ე.წ. ”
drug-shop”-ების მომხმარებლებზე გასასაღებლად.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ბ” პუნქტით და მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალის დასახლებაში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 3 ნარკორეალიზატორი დააკავა. სამივე ნარკორეალიზატორს 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კიდევ ერთი პირია დაკავებული ნარკოდანაშაულისთვის თბილისში. პოლიციამ, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 500 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ და 4 შეკვრა „მდმა“ ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button