მსოფლიოსიახლეები

აშშ ვენესუელას შეიარაღებულ ძალებს მიმართავს

ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელას შეიარაღებულ ძალებს ოპოზიციის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწემ, ჯონ ბოლტონმა განაცხადა.

„დღეს ჩვენ ასევე მოვუწოდეთ ვენესუელელ სამხედროებსა და უშიშროების სამსახურებს დაეთანხმონ ხელისუფლების მშვიდობიან, დემოკრატიულ და კონსტიტუციურ გადაცემას. გარკვეულწილად ეს უკვე განხორციელდა. ვაშინგტონში ვენესუელას სამხედრო ატაშე ხოსე ლუის სილვამ ხუან გუაიდო პრეზიდენტად სცნო“, – განაცხადა ჯონ ბოლტონმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ვენესუელელი ძალოვნები პასუხს აგებენ ვენესუელაში აშშ-ს საელჩოს პერსონალის, ეროვნული ასამბლეის წევრებისა და პრეზიდენტ გუაიდოს უსაფრთხოებაზე“.

„ნებისმიერი ძალადობა აღნიშნულ პირებთან მიმართებაში კანონის უზენაესობის უხეში დარღვევაა და ამას სერიოზული პასუხი გაეცემა“, – აღნიშნა მან.

ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწემ ასევე განაცხადა, რომ ვენესუელას შეიარაღებული ძალების გენერალიტეტის ნაწილი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ოპოზიციასთან ხელისუფლების შეცვლის თაობაზე.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ვენესუელას ახალი სანქციები დაუწესა. კერძოდ, შემზღუდავი ზომები ვრცელდება სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია PDVSA-ზე. დაწესებული სანქციების ფარგლებში ოფიციალური ვაშინგტონი დაბლოკავს კორპორაციის 7 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივებს.

აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სტივენ მნუჩინის განცხადებით, ვენესუელური ნავთობის შესყიდვას მყიდველის ანგარიშების დაბლოკვა შეიძლება მოყვეს.

ნიკოლას მადურო

აღნიშნულ სანქციებს ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოეხმაურა. მან ამ სანქციების დაწესებას, დანაშაულებრივი ქმედება უწოდა.

მისივე თქმით, ვენესუელას ხელისუფლება საერთაშორისო და ამერიკულ სასამართლოებს მიმართავს, რათა კომპანიის აქტივები დაიცვას.

მსგავსი პოსტები

Back to top button