მნიშვნელოვანისაქართველო

სააპელაციო სასამართლომ ბექაურის უწყების გადაწყვეტილება ბათილად ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ კახი ბექაურის უწყების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) გადაწყვეტილება ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ ბათილად ცნო.

სასამართლოს სამმა მოსამართლემ მირანდა ერემაძემ, თეა ძიმისტარაშვილმა და მერაბ ლომიძემ ჩაშლილი კონკურსი უსამართლოდ მიიჩნია. სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებს შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა.

რამაზ სამხარაძეს, სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დამფუძნებელს, იმედი აქვს რომ კომისია უახლოეს მომავალში შეიკრიბება და რადიო ბათუმი 2019 წელს ეთერში გასვლას შეძლებს.

რამაზ სამხარაძე,
სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დამფუძნებელი

საქმე ეხება ჩაშლილ კონკურსს “კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად ქ.ბათუმში”, სადაც ჰერეთთან ერთად რადიო “პალიტრაც” მონაწილეობდა.

კომისიის თავმჯდომარემ კახი ბექაურმა გასული წლის 31 აგვისტოს განაცხადა, რომ აღნიშნული კონკურსის ამ სახით გამოცხადება მისი პირადი შეცდომა იყო, რადგან ორი წარმატებული მაუწყებელი არათანაბარ პირობებში ჩააყენა. მან განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა რეგიონული კონტენტისთვის ცალკე კონკურსი გამოცხადებულიყო და ცენტრიდან გავრცელებული სიგნალისთვის, – ცალკე.

ახალი კონკურსი კომისიამ იმავე სხდომაზე გამოაცხადა, თუმცა ჩაშლილ კონკურსზე კონკურსანტებს ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები არ ჩაეთვალათ. გარდა ამისა, კონკურსანტებს ხელახლა უნდა წარედგინათ ახალი დოკუმენტაცია. პალიტრამ ახალ კონკურსზე დოკუმენტაცია ხელახლა წარადგინა, ჰერეთმა კი ჩაშლილი კონკურსი გაასაჩივრა.

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი 20 წელია მედიაბაზარზე. 1998 წლიდან არის ეთერში და ფლობს 3 რადიოს: ჰერეთს 102.8, თბილისს FM93.5 და ინტერნეტ რადიოს – RelaxWebRadio – ს.

ჰერეთი რადიო “ბათუმის” გაშვებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

წინა ხელისუფლების პირობებში, ჰერეთმა “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას”, ასევე სასამართლო გზით, მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა მოუგო. მაშინ კომპანია კომისიას თბილისში ლიცენზიის არაკანონიერად გაცემას ედავებოდა. ჰერეთის ინტერესებს ორივე შემთხვევაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button