მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ლევან მურუსიძეს 15-ქულიან შეფასებაში 20 ქულა დაუწერეს

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, სულხან სალაძის ინფორმაციით, მოსამართლე ლევან მურუსიძეს გასაუბრებისას, „ზეპირი კომუნიკაციის“ უნარში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დაშვებულ ქულათა მაქსიმუმზე მეტი შეფასება დაუწერეს.

სალაძე სოციალურ ქსელში შესაბამის დოკუმენტსაც ავრცელებს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალ სიმაღლეებს იპყრობს… მიუხედავად იმისა, რომ “ზეპირი კომუნიკაციის უნარებში” შეფასების მაქსიმალური ქულა 15 იყო, მურუსიძეს 20 ქულა მიუღია. ვერაფერს იტყვი, მურუსიძის “ზეპირი კომუნიკაციის უნარი” ნამდვილად აღემატება დაშვებულ ქულათა მაქსიმუმს (ყოველ შემთხვევაში არაფორმალური კომუნიკაციის მაინც)“, – წერს სულხან სალაძე.

ამასთან, შემფასებლის საერთო ქულა მურუსიძეს 100-დან 98 უწერია, თუმცა ქულათა ჯამი 103 გამოდის.

ინფორმაციას 15-ქულიან კრიტერიუმში ლევან მურუსიძისთვის 20 ქულის მინიჭების შესახებ, დღესვე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

საბჭოში ამბობენ, რომ ეს მექანიკური შეცდომაა, რადგან ამავე დოკუმენტში მითითებული ქულათა ჯამი 100-ს არ აღემატება.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლეობის კანდიდატს კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით აფასებს. კომპეტენტურობის კრიტერიუმის ერთ-ერთი მახასიათებელი არის ზეპირი კომუნიკაციის უნარი, სადაც კანდიდატის შეფასებისას მაქსიმალური ქულა არის 15. მოცემულ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მოსამართლე ლევან მურუსიძე 98 ქულით შეაფასა. ზეპირი კომუნიკაციის უნარში მინიჭებული 20 ქულა არის მექანიკური შეცდომა, ვინაიდან შეფასების საბოლოო ქულათა ჯამი 100 არ აღემატება. აღნიშნული მექანიკური შეცდომა საბოლოო ქულათა ჯამზე არ ასახულა”, – აღნიშნულია საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასევე ამბობს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საბჭოს რომელმა წევრმა შეავსო აღნიშნული შეფასების ფურცელი კონფიდენციალურია.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ შევსებული შეფასების ფურცლები და ერთიანი შემაჯამებელი ოქმი ყველა დაინტერესებულმა პირმა მოთხოვნის შესაბამისად იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიიღო”, – აღნიშნავენ საბჭოში.

მსგავსი პოსტები

Back to top button