Hereti FM

გეგუთის ციხეში მსჯავრდებულმა თვითმკვლელობა სცადა

71
Share Button

გეგუთის ციხეში მოკლული პატიმრის, გიგა ფარტენაძის საქმეზე ერთ–ერთმა მსჯავრდებულმა, შოთა შანიძემ თვითმკვლელობა სცადა.
შემთხვევა მე-9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შანიძემ თავის ჩამოხრჩობა სააბაზანოს კარზე, პოლიეთილენის პარკით სცადა.

მსჯავრდებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, შანიძის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შანიძის ადვოკატის, გიორგი გოგინაძის თქმით, მსჯავრდებულმა თვითკვლელობა რამდენიმე დღის წინაც სცადა და სხეულზე დაზიანებები მიიყენა.

შოთა შანიძე მიმდინარე წლის 22 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მორიგ პროცესს უნდა დასწრებოდა.

25 იანვარს მან სასამართლოზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა და ფარტენაძის სასტიკად ცემაში თანამონაწილეობა უარყო. შანიძის თქმით, ფარტენაძე მისმა თანასაკნელებმა და ე.წ. –მა მაყურებლებმა სცემეს.

პროცესზე მან მის მიმართ ზეწოლსა და არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით მასზე ფსიქოლოგიურად ზემოქმედებენ. თქვა, რომ მის ოჯახს დაცვა მოუხსნეს და მისი ლიკვიდაციის საფრთხეც არსებობს.

შოთა შანიძე ოთხი წელია სასჯელს სამარტოო საკანში, ვიდეო მეთვალყურეობის ქვეშ იხდის.

24 წლის გიგა ფარტენაძე გეგუთის ცეხეში 2014 წლის 4 მარტს, ცემით მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, საკანში მყოფ მსჯავრდებულებს: შოთა შანიძეს, ლევან მოისწრაფიშვილს, გიორგი სეხნიაშვილსა და გიგა ფარტენაძეს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შანიძემ, სეხნიაშვილმა და მოისწრაფიშვილმა გიგა ფარტენაძე იატაკზე წააქციეს, რა დროსაც მან გონება დაკარგა და წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებდნენ სასტიკ ძალადობას, კერძოდ, გულმკერდის, კისრისა და სახის არეში ხელებითა და ფეხებით სცემდნენ და თავს ბეტონის იატაკზე არტყმევინებდნენ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შოთა შანიძეს 15, გიორგი სეხნიაშვილს 9 და ლევან მოისწრაფიშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი