მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“აფხაზეთში H1N1-ით რვა ბავშვი დაავადდა”

დე ფაქტო განათლების მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის აფხაზეთში ე.წ. ღორის გრიპით დაავადების სულ 16 შემთხვევაა დარეგისტრირებული. მათგან რვა 14 წლამდე ბავშვია. ადგურ კაკობა ამბობს, რომ ეს მონაცემები შეშფოთებას იწვევს. კაკუბამ განმარტა, რომ ისინი პასუხისმგებლები არიან არა მხოლოდ სასწავლო პროცესზე, არამედ აკვირდებიან მოსწავლეთა ჯანმრთელობასაც. ამიტომ, პროფილაქტიკური ღონისძიებები უნდა განახორციელონ.

ადგურ კაკობა დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ამბობს, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილი, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში არ დადის. მისივე ცნობით, სამკურნალო დაწესებულებებს ბოლო ორი თვის განმავლობაში 1 113-მა ადამიანმა მიმართა, რომელთაგან რვა ბავშვს ე.წ ღორის გრიპი აღმოაჩნდა. დანარჩენებს, – სეზონური დაავადებები.

„რვა თებერვალს სოხუმის მესამე სკოლაში მოსწავლეთა 25% არ გამოცხადებულა. მეოთხე სკოლაში 24%, მეორე საშუალო სკოლაში კი, გაკვეთილებს 25% არ დასწრებია. ეს იმის გამო მოხდა, რომ ერთ-ერთ ბავშვს H1N1 აღმოაჩნდა“, – განაცხადა ადგურ კაკობამ.

დე ფაქტო განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ იმ კლასებში, სადაც ე.წ. ღორის გრიპი დაფიქსირდა, სადეზინფექციო სამუშაოების წარმოების მიზნით, კარანტინს შემოიღებენ.

ენგურის ხიდი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ჩაკეტვიდან 25-ე დღეს გახსნეს. კარანტინი მაშინ სწორედ H1N1 ვირუსის გავრცელების საფრთხის მიზეზით აამოქმედეს.

ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button