მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ჭიდაობის ფედერაციასთან გეგა გეგეშიძის გადადგომა მოითხოვეს

ჭიდაობის ფედერაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“. მონაწილეებმა ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გადადგომას მოითხოვეს. ისინი მიიჩნევენ, რომ გეგა გეგეშიძე მოძალადეა და საჯარო თანამდებობაზე ყოფნის უფლება არ აქვს.

პარალელურად კი ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომაზე სპორტის სასახლეში 11 იანვარს მომხდარი ინციდენტი განიხილეს, რა დროსაც გეგეშიძემ ევროპის ორგზის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ედიშერ მაჩაიძის განცხადებით, გეგა გეგეშიძემ “თვალებში შეხედა დათუნაშვილს და საჯაროდ მოუხადა ბოდიში მას”. თუმცა, მაჩაიძის განცხადებით, გეგეშიძემ არ მიიღო ბოდიში, განაცხადა, რომ “მოძალადე ფედერაციის პრეზიდენტთან” ვერ იმუშავებს და ითხოვა, რომ სხვა ქვეყანაში გადასვლის საშუალება მისცენ.

თავად მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის თქმით, იგი გეგეშიძესთან შერიგებას არ აპირებს.

“ვეტერანი პრეზიდიუმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უნდა შევრიგდეთ და ამის შემდეგ არავინ დაიჩაგრება. ჩემი პოზიცია არის ის, რომ მე ვერ ვიქნები ამ ადამიანთან, თუ არ გამიშვებენ, დამბლოკონ”, — განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.

როგორც ცნობილია, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button