fbpx
Hereti FM

რუისის სასაფლაოზე წინაპრების საფლავებს ვეღარ მიაგნეს

129
Share Button

რუისის სასაფლაოზე საფლავების ქვები გადაყრილია და მათ ადგილზე კელიებია აშენებული. ტერიტორიას გალავანი აქვს შემოვლებული. გალავნის შიგნით ეზო კეთილმოწყობილია. გალავნის გარეთ კი, საფლავის ქვები ყრია.

ამის ამსახველ ფოტოებს ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, ახლობელთან ერთად, რუისში იმყოფებოდა, სადაც წინაპრის საფლავებს ვერ მიაგნეს.

,,ეს რუისის სასაფლაოა. ჩემი მეგობრის დიდი პაპის და ბებიის საფლავის სანახავად ავედით და რა დაგვხვდა აქ ნახეთ! მთელი სასაფლაო ტრაქტორით არის მოთხრილი და მოსწორებული, ტერიტორია შემოღობილია მონასტერისთვის და საფლავის ქვები ეზოს გარეთ რანაირად ყრია შეხედეთ. შევედით მონასტრის ეზოში და გვითხრეს რომ ტრაქტორით მოთხრილი ადამიანების ძვლები ერთად დამარხეს ერთგან. ძვლები ეხლაც შეგხვდებათ ამ ეზოს გარშემო, თუ მოძებნით. პაპის და ბებიის საფლავი მოვიკითხეთ და გვითხრეს, ქვა და ძვლები რად გინდათ, სულებისთვის კიდევ ჩვენ ვლოცულობთო. სად ვიპოვოთ ბებიის და პაპის საფლავი გვაინტერესებს!

“ზედ საფლავის ქვებთან ტუალეტი და საქათმეა დადგმული! იმ წინაპრების საფლავები კი, ცრემლმორეულები ფეხზე ადგომით რომ ვსვამთ სადღეგრძელოებს, აღარ არსებობს და ქვები ხარახურასავით არის გადაყრილი ახლადგარემონტებული მონასტრის ეზოს გარშემო. ზედ ნაგავი აყრია, კი ხედავთ ! ეზოში კი არის გამართული ლამაზი ბაღი და ახალი შენობები!

“გვაინტერესებს ვინ ქნა ეს! შთამომავლებმა სად იპოვონ პაპის საფლავი! ვინმემ არ თქვას რომ საღვთო საქმეა ეს თორემ გაგიჟებას ვართ ისედაც!!! რუისელი არავინ ხართ? ადით, წინაპრის საფლავის ადგილას ეს დაგხვდებათ, რასაც ფოტოზე ხედავთ! მტერი არ კადრულობდა საფლავების შეურაცხყოფას, რა ქვია ამას? თქვენ გვითხარით, თუ იცით ვინმემ პასუხი!” – წერს სინჯიკაშვილი.

აკა სინჯიკაშვილი ბლოგერია, ის დიდი ხანია სოციალურად დაუცველ ადამიანებს ეხმარება. სოციალურ ქსელში დაწყებულ საქველმოქმედო საქმიანობაში მას მხარი უამრავმა ადამიანმა აუბა და დღეს უკვე ძალიან ბევრ მასშტაბურ აქტივობას ახორციელებს – ეხმარება უსახლკაროებს, მოხუცებს, ბავშვებს

აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და რუის-ურბნისის ეპარქიას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი