fbpx
Hereti FM

რა წერია საქართველოზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

66
Share Button

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ წარმოადგინა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ 2018 წელს.

ანგარიშში ცალკე თავი ეძღვნება საქართველოს. ანგარიშის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია 2018 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები. ანგარიშში ნახსენებია ეუთოს დამკვირვებელთა შეფასება, რომლის თანახმად, არჩევნების პირველი ტური კონკურენტულად და პროფესიონალურად ჩატარდა. თუმცა მოტანილია ასევე დამკვირვებელთა შენიშვნები უთანასწორო გარემოსა და ამომრჩეველთა დაშინების შესახებ. ეუთოს დამკვირვებლებმა „ეს საკითხი მეორე ტურის შემდეგაც დააყენეს და აღნიშნეს, რომ კანდიდატებს ჰქონდათ თავისუფალი გარემო, თუმცა ერთი მხარე სარგებლობდა შეუფერებელი უპირატესობით და პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა ორივე მხრიდან წარმოებული კამპანიის უარყოფითმა ხასიათმა“, ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობა გარკვეულ ნაბიჯებს დგამდა ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოსაძიებლად, თუმცა მაინც არსებობს ჩავარდნები. „ეს ჩავარდნები მოიცავდა ანგარიშვალდებულების დეფიციტს 2017 წლის მაისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებისა და აზერბაიჯანისთვის გადაცემის საქმესთან დაკავშირებით“.

ანგარიშის მიხედვით, სამოქალაქო პირები ინარჩუნებდნენ თავდაცვის სამინისტროს კონტროლს, მაგრამ იყო იმის ნიშნები, რომ ზოგჯერ ისინი ვერ ინარჩუნებდნენ უშიშროების სამსახურის ეფექტიან კონტროლს.

ანგარიშში ყურადღება ექცევა ვითარებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში. „რუსეთის მესაზღვრეები აბრკოლებდნენ ადგილობრივი მოსახელობის მიმოსვლას. მაშინ, როცა სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ მწირი ოფიციალური ინფორმაცია მოიპოვებოდა ტერიტორიაზე შეზღუდული წვდომის გამო, კვლავაც ვრცელდებოდა ბრალდებები უფლებების დარღვევების თაობაზე“.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი