fbpx
Hereti FM

პანკისელებს მოლოდინი აქვთ, რომ დღეიდან დაკავებები დაიწყება

87
Share Button

პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირებიდან მეორე დღეს, ადგილობრივებს მოლოდინი აქვთ, რომ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყება. ამის შესახებ, მათ რადიო ,,ჰერეთის“ კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნეს. როგორც გიორგი ალადაშვილი ადგილიდან იუწყება, პანკისელები დღის მანძილზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას გეგმავენ, სადაც სამოქმედო გეგმას განიხილავენ.

ამ დროისთვის, არცერთი ადამიანის დაკავების შესახებ არ გავრცელებულა ინფორმაცია. გუშინ, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, ორი პირი იქნა დაკავებული, რომლებიც პოლიციის ავტომობილში მოათავსეს და მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოსახლეობასთან შეხვდრა დაასრულა და ხეობის ტერიტორია დატოვა.

პანკისის ტერიტორიაზე გუშინდელი დღიდან, რადიო ,,ჰერეთის“ ორი ჯგუფი მუშაობს. მათი ინფორმაციით, დღეს დილიდან, ადგილზე მხოლოდ დაცვის პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

ხეობაში დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც იქ ჰესის მშენებლობის დასაწყებად, სპეციალური ტექნიკა გამოჩნდა. ადგილობრივები კი ამის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. დღის მანძილზე, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა. შედეგად, სამედიცინო დახმარება 55 ადამიანს დასჭირდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მათგან 38 პოლიციელია, 17 კი მოქალაქე. ასევე, დაზიანდა პოლივიის 10-ზე მეტი ავტომობილი.

ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი