მნიშვნელოვანისაქართველო

აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელს დღეს შეიტანს

აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებული ნათია კაპანაძე დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანს. სასამართლოში მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს. როგორც დღეს, ორგანიზაციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, ნათია კაპანაძე მისთვის უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას ითხოვს.

როგორც საიაში აცხადებენ, მრჩეველთა საბჭომ დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების გადაწყვეტილება პროცესუალური ნომრების დარღვევით მიიღო.

,,გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო ღია კენჭისყრით და არა ფარულით. გადაწყვეტილების მიღებისას მრჩეველთა საბჭოს არ ჰქონდა შესწავლილი არც ერთი საკითხი, რომლის საფუძველზეც კენჭი ეყარა უნდობლობის გამოცხადებას. ამის ერთ-ერთი დასტურია 2019 წლის 25 აპრილს მიღებული გარე აუდიტის დასკვნა, რომელიც მომზადებული იყო 11 აპრილს და რომელშიც მითითებულია რომ ორგანიზაციას ფინანსური პრობლემები არ გააჩნია. აღნიშნული დოკუმენტი  მრჩეველთა საბჭომ უნდობლობის გამოცხადების შემდეგ მიიღო და არა მანამდე”, – აცხადებენ საიაში.

ნათია კაპანაძე თანამდებობიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გადაწვეტილებით იქნა გადაყენებული. მრჩეველთა საბჭოს ხუთი წევრიდან, მის იმპიჩმენტს მხარი ოთხმა დაუჭირა.

მსგავსი პოსტები

Back to top button