მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზავის მიუხედავად სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბული რჩება

თითქმის 9 საათიანი ორმხრივი სროლის შემდეგ აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლი შეწყვიტეს. მანამდე კი მთელი ღამის განმავლობაში საზღვრისპირა ზონაში ორივე მხარე მძიმე შეიარაღებას იყენებდა.

ცეცხლის გახსნაში ერევანი ბაქოს ადანაშაულებს. სომხეთში აცხადებენ, რომ გვიან ღამით აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა მათ სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს.
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს საზღვართან მდებარე აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს.

სამინისტროში აღნიშნეს, რომ 13 სექტემბერს ადგილობრივი დროით, 16:55 საათზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვრის მახლობლად მდებარე პოზიციებიდან არტილერიის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, რომლებიც ლაჩინის რაიონში ახმედლის მიმართულებით მდებარეობს.

უწყების ცნობით, აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა საპასუხო ზომები მიიღეს.

„09:00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, სომხეთი ინტენსიურად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის პირობებს საზღვრის გასწვრივ არტილერიისა და სხვა მძიმე იარაღის გამოყენებით“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველთან კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში ფილიპ რიკერთან საზღვარზე დაძაბული ვითარების შესახებ ისაუბრა.

აზერბაიჯანის მეთაურმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა მიიღო ზომები სომხეთის „პროვოკაციებზე საპასუხოდ და მათზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას“.

შეხვედრისას ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას და სამშვიდობო დღის წესრიგის გაგრძელებას.

სასაზღვრო ზოლში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს სომხური მხარეც.

„მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციის სტაბილიზაციაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, შუაღამისას დაწყებული დაბომბვის ინტენსივობა შემცირდა. მთელი დღის განმავლობაში მტერი სპეცრაზმის გამოყენებით ცდილობს უზრუნველყოს პოზიციური წინსვლა. ნერკინ ანდის, ვერინ შორჟას, არტანიშისა და სოტკის დასახლებების მიმართულებაზე“, – განაცხადა ტოროსიანმა.

სომხეთის თავდაცვის უწყების თანახმად, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, 13 სექტემბრის საღამოსთვის ვითარება დაძაბული რჩება, განაცხადა სამინისტროს პრესმდივანმა, არამ ტოროსიანმა.

მან დასძინა, რომ ვითარების სტაბილიზებაზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ ადრინდელთან შედარებით სროლა მნიშვნელოვნად შესუსტდა.

ტოროსიანის თანახმად, „მოწინააღმდეგე, რომელიც სპეცდანიშნულების ჯარს იყენებს, მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა წინ წაჭრას, კერძოდ, ნერკინ ჰანდის, ვერინ ჟორჟას, არტანიშის და სოთქის მიმართულებით“. მისივე თქმით, სომხური მხარის დანაკარგები ზუსტდება. დილით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 49 ადამიანია დაღუპული.

სომხური მხარის თანახმად, აზერბაიჯანის ჯარი ცეცხლს უშენდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც სამოქალაქო მოსახლეობაში არიან დაჭრილები.

ამასთან შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან მალევე ნიკოლ ფაშინიანი დახმარებისთვის ემანუელ მაკრონს, ვლადიმერ პუტინს და ენტონი ბლინკენს დაუკავშირდა. სატელეფონო საუბრის შემდეგ ოფიციალურმა ერევანმა გაეროს და კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა. მსხვერპლის შესახებ ცნობები სომხეთს პრემიერმა დილის 11 საათზე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გაასაჯაროვა.

ოფიციალური ბაქოს ცნობით, კი ღამის საათებში სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა საზღვრის და გზის დანაღმვა დაიწყეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არაერთი მოწოდების მიუხედავად პროცესი მაინც გაგრძელდა, რის შემდეგაც სომხეთმა მძიმე შეიარაღებით იერიში არამხოლოდ დაშქესანში, ლაჩინსა და კალბაჯარში მდებარე სამხედრო ობიექტებზე მიიტანა, არამედ ცეცხლი სამოქალაქო ობიექტებსაც გაუხსნა.

სომხეთის ქმედებას პროვოკაციული უწოდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარში. ცეცხლის შეწყვეტისკენ მხარეებს ენტონი ბლინკენმაც მოუწოდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა დაგმო. ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა ბაქოს და ერევანს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა.

დღესვე ირაკლი ღარიბაშვილსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სომხეთის პრემიერის ინიციატივით სატელეფონო საუბარი შედგა. ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო გამწვავებასა და დაპირისპირების შედეგად შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდებიან და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში დეესკალაციისა და მშვიდობისათვის.

ცნობისთვის ორი ქვეყნის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს რუსეთის ძალისხმევით, სხვათა შორის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის და სომხეთის პრეზიდენტის, ნიკოლ ფაშინიანის სატელეფონო საუბრის შემდეგ – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა.

გასულ ღამით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოთქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. წუხელ, სომხეთმა რუსეთს მიმართა მისი „სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიის“ გამო, „მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების“ რეალიზაციის მიზნით.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, გვიან ღამით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა დანაღმეს აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებს შორის არსებული რაიონები და გზები, ამ აქტების აღსაკვეთად აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ მიღებულ ზომებს კი, მოჰყვა ბრძოლა და დანაკარგი ორივე მხრიდან.

აზერბაიჯანული მხარე დაღუპულების და დაჭრილების რიცხვს ჯერჯერობით არ ასახელებს.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობა პერიოდულად იზრდება. ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 44 დღის განმავლობაში გაგრძელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button