მნიშვნელოვანისაქართველო

საერთაშორისო საზოგადოება ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 9 ივნისს გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებს არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება. აღნიშნულთან დაკავშირებით, გუშინ განცხადება გაავრცელა ევროკავშირმა, აშშ-მ, ლიტვამ, ესტონეთმა, უკრაინამ, ჩეხეთმა და აზერბაიჯანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ,,არჩევნებთან” დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებს.

„ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ცალსახაა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ხაზს ვუსვამთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. მათ შორისაა, მისი ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად გადაადგილების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყებამ კი ,,არჩევნებთან” დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა – „უკრაინა რუსეთისა და მისი ოკუპანტი რეჟიმის ამ ნაბიჯს აღიქვამს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების ლეგიტიმაციის მცდელობას, მათ შორის „ეთნიკურ წმენდასა“ და ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევას“.

რუსული მედიის ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გუშინ ჩატარებულ ე.წ. არჩევნებში პარტია „ედინაია ოსეტია“ ლიდერობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button