რობინ უილიამსის ფილმის ახალი თრეილერი გამოვიდა [Video]
ქსელში დრამა „ბულვარის“ თრეილერი გამოჩნდა, რომელიც ერთ-ერთი ბოლო ფილმია აწგარდაცვლილი რობინ უილიამსის მონაწილეობით.
სურათის სიუჟეტი 60 წლის მამაკაცის ცხოვრებას ასახავს, რომელიც მძიმე დეპრესიითაა დაავადებული. მისი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა და სამსახურიც უინტერესო გახდა. ამის გარდა, ის წლების მანძილზე იძულებულია, საკუთარი სექსუალური ორიენტაცია დამალოს. მაგრამ ერთ ღამეს, ქუჩაში ახალგაზრდა გეი ხვდება, რომელიც თავს პროსტიტუციით ირჩენს.
ფილმის რეჟისორი დიტო მონტიელია. უილიამსს პარტნიორობას უწევენ მსახიობები: ქეთი ბეიკერი, ჯილს მეთი და ბობ ოდენკერკი.
ეს როლი, უილიამსის კარიერაში, ყველაზე რთულ ნამუშევრად ითვლება. ამერიკელმა კრიტიკოსებმა ძალიან მოიწონეს მისი სამსახიობო ნიჭი. სურათის პრემიერა აპრილში Tribeca-ს ფესტივალზე გაიმართა. ფილმი, ამერიკულ კინოგაქირავებაში, 17 ივლისს გავა.
რობინ მაკლორინ უილიამსი (ინგლ. Robin McLaurin Williams; დ. 21 ივლისი, 1951 — გ. 11 აგვისტო, 2014) — ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი. მან თავდაპირველად სახელი გაითქვა ტელესერიალით მორკი და მინდი. მხატვრულ ფილმებში მონაწილეობით 1980-იანი წლებიდან აქტიურობდა.
მისი კინოკარიერა ისეთ გახმაურებულ ფილმებს მოიცავს როგორიცაა: „მსოფლიო გარპის მიხედვით“ (1982), „დილა მშვიდობისა, ვიეტნამო“ (1987), „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ (1989), „გამოღვიძება“ (1990), „მეფე მეთევზე“ (1991) და „ნიჭიერი უილ ჰანტინგი“ (1997), აგრეთვე ფინანსურად წარმატებული აღმოჩნდა კინოფილმები: „პოპაი“ (1980), „კაუჭა“ (1991), „ალადინი“ (1992), „მისის დაუტფაირი“ (1993), „ჯუმანჯი“ (1995), „ჩიტების გალია“ (1996), „ღამე მუზეუმში“ (2006), და „ბედნიერი თათები“ (2006). მიღებული აქვს ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობისათვის („ნიჭიერი უილ ჰანტინგი“, 1997). ასევე არის ორი ემის, სამი ოქროს გლობუსის, მსახიობთა გილდიის ორი ჯილდოსა და ხუთი გრემის მფლობელი.
2014 წლის 11 აგვისტოს რობინ უილიამსი კალიფორნიაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა იყო.
ბულვარი (Boulevard) – თრეილერი