მნიშვნელოვანისიახლეები

აქციის მონაწილეები იყენებენ გაურკვეველი წარმოშობის მხუთავ აირებს, რაც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიაში არ იყიდება- შსს

თითოეული აქციის მონაწილე იყენებს სხვადასხვა საგნებს, მათ შორის გაურკვეველი წარმოშობის ისეთ მხუთავ აირებსა და გაზს, რომლებიც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიებში არ იყიდება, გამოვიყენეთ ის სპეციალური საშუალებები, რაც კანონით არის გათვალისწინებული – წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი. მიუხედავად იმისა, რომ სრული სამართლებრივი საფუძველი გვქონდა, რეზინის ტყვიები არ გამოგვიყენებია,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შსს აუცილებლად გაარკვევს როგორ მოხვდა აქციის მონაწილეების ხელში აღნიშნული საშუალებები.

„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ თითოეული აქციის მონაწილე იყენებს სხვადასხვა საგნებს, მათ შორის გაურკვეველი წარმოშობის ისეთ მხუთავ აირებსა და გაზებს, რომლებიც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიებში არ იყიდება და საიდან მოხვდა მათ ხელში ძალიან საინტერესოა. ამით აუცილებლად დავინტერესდებით და გავარკვევთ, როგორ მოხვდა ამ ადამიანების ხელში ეს საშუალებები. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან იქნა კანონით გათვალისწინებული სპეცსაშუალებები გამოყენებული. ასე რომ, კატეგორიულად უარვყოფთ და ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ამ ეტაპის მდგომარეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთ თანამშრომელს რეზინის ტყვია არ გამოუყენებია“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებისგან – ასევე, შეწყვიტონ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის დაზიანება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთებისა და კონსტრუქციების გამოყენებით, ასევე, გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ცდილობენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და ახორციელებენ თავდასხმებს პარლამენტის შენობის ეზოში მყოფ პოლიციელებზე.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის, ბოთლებს და ქვებს, ცრემლსადენ აირს და მხუთავ აირებს ესვრიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზოში, სადაც განთავსებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

“მინდა მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, 1-ელ მაისს, რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის მონაწილეებმა 1 მაისს, დაახლოებით 12:00 საათიდან დაიწყეს შეკრება პარლამენტის უკანა შესასვლელთან. შეკრების პარალელურად, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ადგილზე იყვნენ მობილიზებულები.

მოგვიანებით, დაახლოებით 18:00 საათიდან, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს შეკრება, როგორც პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ასევე, რუსთაველის გამზირზე. ვინაიდან არსებობდა რისკი პარლამენტის შესასვლელების ბლოკირების, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლიციის კორდონი განგვეთავსებინა ჩიტაძის ქუჩაზე, ამავე დროს, პარლამენტის უკან შეკრებილ მოქალაქეებს პოლიციამ მოუწოდა, რომ მათ გადაენაცვლათ ჭიჭინაძის ქუჩაზე და იქ გამოეხატათ პროტესტი.

პარლამენტში, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩიტაძის ქუჩიდან უზრუნველყო პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხოდ გასვლა.

მას შემდეგ, რაც სრულად მოხდა პარლამენტის შენობის დატოვება და აღარ არსებობდა დეპუტატებზე ინდივიდუალური თავდასხმების რისკი, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივად გაეთავისუფლებინა დაკავებული ტერიტორია და პროტესტის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მშვიდ გარემოში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოეხატათ პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია. მიუხედავად სამინისტროს მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილებისა, რომ აქციის მონაწილეებს მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ძალადობით ცდილობდა ჩიტაძის მხრიდან არსებული პარლამენტის შესასვლელის რკინის კარის დაზიანებას.

მიუხედავად პოლიციის და ასევე, თავად აქციის სხვა მონაწილეების არაერთი მოწოდებისა, ძალადობრივი ჯგუფები აგრძელებდნენ საკანონმდებლო ორგანოს კარის დაზიანებას და ცდილობდნენ უნებართვოდ შეღწევას პარლამენტის ტერიტორიაზე.

პოლიციამ კანონით დადგენილი წესით გამოიყენა სპეციალური საშუალება – წყლის ჭავლი, თუმცა აქციის მონაწილეებმა დაიწყეს ჩიტაძის ქუჩაზე არსებული სამშენებლო დამცავი ბარიერების დემონტაჟი და მისი მეშვეობით ცდილობდნენ პარლამენტის შესასვლელი კარის დაზიანებას.

ვინაიდან აშკარად იყო გამოკვეთილი ძალადობრივი ხასიათის ქმედებები, მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი.

საზოგადოება სხვადასხვა ტელეარხების პირდაპირი ეთერების საშუალებით ადევნებს თვალს, რომ აქციის მონაწილეები ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთებისა და კონსტრუქციების გამოყენებით, ასევე, გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ცდილობენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და ახორციელებენ თავდასხმებს პარლამენტის შენობის ეზოში მყოფ პოლიციელებზე.

აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა.

ბოლო 2 დღის განმავლობაში, აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების შედეგად, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 7 თანამშრომელი, აქედან ერთს გაუკეთდა ოპერაცია და ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის, ბოთლებს და ქვებს, ცრემლსადენ აირს და მხუთავ აირებს ესვრიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზოში, სადაც განთავსებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

საზოგადოებამ კარგად იხილა, როგორ აზიანებდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ადმინისტრაციულ შენობაზე განთავსებულ ვიდეო სამეთვალყურეო კამერას. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებისგან.

ასევე, შეწყვიტონ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის დაზიანება. საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ პოლიცია პარლამენტის შენობაზე თავდასხმის მოსაგერიებლად იყენებს კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს, კერძოდ – წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული სამართლებრივი საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებია რეზინის ტყვიები.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა , რომ აქცია არის ძალადობრივი ხასიათის შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე, არ განუხორციელებია აქციის შეწყვეტისთვის საჭირო ღონისძიებები, კერძოდ, ე.წ. რობოკოპების მეშვეობით ტერიტორიის გაწმენდა, შესაბამისად სრულიად გაუგებარია, ზოგიერთი ტელეარხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციის მონაწილეები ცდილობენ სამართალდამცველებისგან თავის დაცვას, მაშინ როცა ამ დროისთვის სამართალდამცველები იმყოფებიან პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე და ცდილობენ პარლამენტის შენობაში უნებართვო შეჭრას.

მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს ამ წუთებში გადაკეტილი აქვთ ორივე სანაპირო და ახდენენ ხელოვნურად საავტომობილო მოძრაობის პარალიზებას.

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის მიხედვით, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა.

პოლიციელებსა და ადმინისტრაციულ შენობებზე თავდასხმა არ წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით დაცულ სფეროს, შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, შეწყვიტონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება გამოიყენოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა,” – განაცხადა დარახველიძემ.

რუსთაველზე აქციის დაშლა პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობის რკინის ჭიშკრების რყევა დაიწყო – 10:30-სთვის სამართალდამცველებს უკვე გამოყენებული ჰქონდა ყველა საპოლიციო სპეციალური საშუალება: წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები.

პირველ მაისს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, – ქუჩებში ხანგრძლივი და მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, – „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო – 83 ხმით, 23-ის წინააღმდეგ.

„აგენტების კანონი“, – ოფიციალურად, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“, – საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა – 83 ხმით.

13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button