მნიშვნელოვანისიახლეები

“ბოდიში დაღუპულ ადამიანებს ვერ გააცოცხლებს”-ოპოზიციას კობახიძის სინანულის არ სჯერა

შოვში მომხდარი ტრაგედია ვერ ჩაიფარცხება, ამ ამბავს ხელისუფლება ვერ გადააგორებს – შოვი მხოლოდ სტიქიური უბედურების ადგილი არ არის, შოვი არის დანაშაულის ადგილი და დანაშაულს გამოძიება სჭირდება! – ამის შესახებ პარლამენტში „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის შეფასებით, დღეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სიმართლე არ გაირკვეს.

მისივე თქმით, ბოდიში დაღუპულ ადამიანებს ვერ გააცოცხლებს, რომელთაც კრიტიკულ მომენტში სიცოცხლის გადასარჩენად ადგილზე სახელმწიფოს დროული და ეფექტური ყოფნა სჭირდებოდათ.

„ბოდიში საქართველოს მოქალაქეებს მსგავსი ტრაგედიების საფრთხეებისგან არ აზღვევს. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ღამის ხედვის ვერტმფრენი, არამედ გამართული სისტემა, ინფრასტრუქტურა, პრევენციის მექანიზმები და ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ხელისუფლებაში ყოფნა.

ბოდიში სიცოცხლეს უკან ვერ დააბრუნებს – ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ იმიტომ, რომ სახელმწიფომ დროული და ეფექტური რეაგირება ვერ უზრუნველყო და ადამიანები განსაცდელში მიატოვა.

დღის წესრიგში დგას საკითხი სად არის პრევენციის სისტემა, სად არის მონიტორინგის სისტემა და სად არიან პასუხისმგებლობის ამღები პირები, რომელთაც გამბედაობა ეყოფათ თქვან, რამ გამოიწვია შოვში ასეთი მსხვერპლი და რას აპირებენ უახლოეს მომავალში იმისთვის, რომ ვიდრე ხელისუფლებაში არიან ასეთი შემთხვევები აღარ მოხდეს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე აზრით, დღეს რაც გამოძიების კუთხით ხდება, საზოგადოებისთვის თვალის ახვევა, მათ შორის გარდაცვლილი ადამიანების შეურაცხყოფაა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საჭიროა სიმართლის გარკვევა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი უნდა იყოს სისხლის სამართლის გამოძიება შესაძლო სამოხელეო დანაშაულზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმეს უნდა იძიებდეს არა შინაგან საქმეთა სამინისტრო, არამედ გენერალური პროკურატურა.

„გამოძიება დაიწყო უწყებამ, რომლის ერთ-ერთი დანაყოფი იყო პასუხისმგებელი რეაგირებაზე. ახლა ეს უწყება იძიებს თუ რამდენად სწორი და დროული იყო რეაგირება ანუ უწყება იძიებს საკუთარ თავს – მელა იძიებს საკუთარი კუდი სწორად იყო თუ არა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორ გამოიძიებს მელა საკუთარ კუდს. გვახსოვს არაერთი სისტემურად არასწორად წარმართული გამოძიება, რომელიც არაფრამდე მივიდა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ ზედაპირული, არაფრისმთქმელი, საქმით დაუმტკიცებელი, ყალბი ბოდიში საზოგადოებაში არავის სჭირდება, – ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძისა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლების განცხადებებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

ბოკუჩავას აზრით, „ქართულ ოცნებას“ იმ ბრაზისა და რისხვის შეეშინდა, რაც უკვე ისმოდა და მწიფდებოდა საზოგადოებაში.

„ამიტომ მათ საჯარო კომუნიკაციის ძვირადღირებული, უცხოელი ექსპერტების რჩევით და კვლევების შედეგად შემოაბრუნეს რიტორიკა, მაგრამ არა პოლიტიკა მათი ორგანული და ბუნებრივი პასუხი სტიქიის მსხვერპლზე თავდასხმა იყო. ეს არის „რუსული ოცნების“ ნამდვილი სახე, როცა ტრაგედიის ჟამს თავს მსხვერპლს ესხმიან“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

კობახიძის ამ მონანიებას ჩალის ფასი აქვს – „ქართული ოცნება“, ბატონი კობახიძე კვლავ დარჩება არაჰუმანურ ადამიანად და ძალად, რომელსაც ადამიანები, ქართველები არ უყვართ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც”ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა დავით ჯელაძესთან დაკავშირებით.

სერგო ჩიხლაძის თქმით, კობახიძის განცხადება ტაქტიკური უკან დახევაა.

„კობახიძის ამ მონანიებას ჩალის ფასი აქვს, რადგან დღეს ამ ადამიანს შეუძლია თეთრზე შავი თქვას, შემდეგ გადათქვას და შემდეგ ისევ თქვას თეთრზე შავი. ამიტომ ამით არ იცვლება მათი დამოკიდებულება. ამით ისინი არც კეთილშობილები ხდებიან, არც ემპათიურები, არც ადამიანის მოყვარულები. იმავეს გააგრძელებენ და უკვე აგრძელებენ. მის მონანიებას არაფერი ფასი არ აქვს და ასევე, ათასობით უსახელო ტროლ-ბოტი, რომ ჰყავთ და შეასევენ ხოლმე ადამიანებს, ისინიც მოინანიებენ?! ან სახელ-გვარიანი ტროლ-ბოტები ოფიციალურ სამსახურში რომ ჰყავთ აყვანილი, სარჯველაძეები, ტროლ-ბოტი ოღონდ სახელი და გვარის მქონე, ისიც მოინანიებს?!

როგორც ჩანს დატესტეს, ნახეს, რომ ძალიან ცუდად იმოქმედა ამან და ახლა ტაქტიკურად უკან დაიხიეს, თუმცა ხვალ იმავეს კეთებას გააგრძელებენ, არაფერი ამით არ შეიცვლება. „ქართული ოცნება“, ბატონი კობახიძე კვლავ დარჩება არაჰუმანურ ადამიანად და ძალად, რომელსაც ადამიანები, ქართველები არ უყვართ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

14 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს. მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი. ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ გაუგებარია რატომ შეიძლებოდა ღვარცოფის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე ვინმე გადასულიყო.

აღნიშნული განცხადებების შემდეგ ირაკლი კობახიძე დავით ჯელაძეს შეხვდა და შეხვედრის შემდეგ, მან „სინანული გამოხატა დავით ჯელაძის გულის ტკენის გამო“.

მსგავსი პოსტები

Back to top button