მნიშვნელოვანირეგიონი

1 აგვისტოდან თელავში მუნიციპალური ავტობუსები ფასიანი გახდება

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა, 1 ლარი ეღირება.
წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით, პენსიონერები, იძულებით გადაადგილებული პირები, ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმწეოთა და უპოვართა სამსახურის ბენეფიციარები, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, საჯარო სკოლების მოსწავლეები, სოციალურად დაუცველი პირები, მგზავრობის დროს, შეღავათებით ისარგებლებენ და 50 თეთრს გადაიხდიან.

ლეიბორისტული პარტიის კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნიკა ვარდოშვილი ამბობს, რომ მგზავრობის ტარიფი მაღალია და ის თბილისის საფასურს უტოლდება.
” ქართული ოცნებიდან აღარაფერი მიკვირს. ეს რომ მავნებელი ძალაა, უკვე გასაგებია. მე მაკვირვებს ოპოზიცია. 16 წევრია, ნაციონალური მოძრაობიდან და 1 გახარიას პარტიიდან. იქ, ვინ და რა თქვა, არ მაინტერესებს, რატომ ღია პროტესტი არ გამოხატეს, ან აქცია არ მოაწყვეს? როცა

ბათუმში ტრანსპორტი 30 თეთრი ღირს, გორში, რუსთავში, ქუთაისში 50 და ზუგდიდიში 60 თეთრი, თელაველმა მგზავრმა თბილისის ტარიფით რატომ უნდა იმგზავროს? ხომ გითხარით, ოცნების აღარაფერი მიკვირს, მაგრამ რატომ დუმს საკრებულოში მყოფი ოპოზიციაც?”- განაცხადა ვარდოშვილმა.
საკრებულოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ბადურ რევაზიშვილი ამბობს, რომ ფრაქცია 80 თეთრიანი ტარიფის მომხრე იყო.

” მგზავრობა რომ უფასო ვერ იქნებოდა, ეს გასაგებია. ჩვენ 80 თეთრიანი ტარიფს მივიჩნევდით დასაშვებად, თუმცა, მერიამ პირდაპირ ერთლარიანი მოთხოვნა შემოიტანა. უფასო მგზავრობიდან ერთლარიან ტარიფზე გადასვლა, ბუნებრივია მტკივნეული იქნება მოსახლეობისათვის,თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რა მდგომარეობაშია ავტობუსები, როგორ შეძლებენ ისინი მოსახლეობის მომსახურებას. სუბსიდია კი, ყველა შემთხვევაში მაინც საჭირო იქნება, რადგან მგზავრთა ნაკადი აუცილებლად შემცირდება”- განაცხადა რევაზიშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება სოციალური ფონის გათვალისწინებით მიიღეს.

„ჩვენ ამ მიმართულებით ბევრი ვიმუშავეთ, გავეცანით სხვა მუნიციპალიტეტების გამოცდილებას, ვესაუბრეთ დარგის სპეციალისტებს, ბუნებრივია გავითვალისწინეთ სოციალური ფონი. ამავე დროს, მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ეფექტურად და შეუფერხებლად უნდა იმუშაოს. შესაბამისად, მგზავრობის ღირებულების 1 ლარით განსაზღვრა ამ ეტაპზე ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა მთვარელიშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიას, გადახდის საბარათე სისტემის მოწესრიგებისათვის ორი თვე აქვს დარჩენილი.
ახალი ავტობუსები თელავისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით შეიძინა.

ტრანსპორტი ქალაქს, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გადაეცა, თუმცა, მგზავრების გადაყვანა და სხვადასხვა მარშრუტით მოძრაობა, ავტობუსებმა რამდენიმე თვით გვიან, მხოლოდ 8 თებერვალს დაიწყეს.

ჯამში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ორწლიანი პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონისათვის სულ 175 ავტობუსი უნდა იყიდოს.

პროექტის სრული ღირებულება 17 მილიონი ლარია და ავტობუსების საფასური, დროთა განმავლობაში, თავად მუნიციპალიტეტებმა უნდა დაფარონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button