ვერტმფრენის ჩამოვარდნას კიევში მსოფლიო ლიდერები უსამძიმრებენ

ევროკავშირის ლიდერები კიევის ოლქის ქალაქ ბროვარში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო სამძიმარს გამოთქვამენ.
„უკაინასთან ერთად ვგლოვობთ ბროვარში ვერტმფრენის ტრაგიკულ ავარიას. მინისტრი დენის მონასტირკსი ევროკავშირის დიდი მეგობარი იყო. ჩვენ ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებს, პრეზიდენტ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს და უკრაინელ ხალხს“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
უკრაინას სამძიმარს უცხადებს ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი.
„ტრაგედია მოხდა ომით მოცული უკრაინის გულში. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებს, პრეზიდენტ ზელენსკის და მთელ ქვეყანას ბროვარში ვერტმფრენის კატასტროფის გამო. ჩვენ თქვენთან ერთად ვგლოვობთ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ამასთან, სამძიმარს გამოთქვამს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლაც.
„გულმოკლული ვარ კიევთან, ბროვარში, საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის კატასტროფის გამანადგურებელი ამბის გამო. ჩემი ფიქრები უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკისა და ამ საშინელი ტრაგედიის დროს დაღუპული სხვა ადამიანების, მათ შორის ბავშვების ოჯახებთან და საყვარელ ადამიანებთანაა“, – წერს რობერტა მეცოლა.
ბროვარში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღსა და საცხოვრებელ სახლს შორის ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უკრაინის ქალაქ ბროვარში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს მიუსამძიმრა.
სამძიმრის წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოხატავენ ღრმა მწუხარებას ბროვარში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. გვსურს, ჩვენი თანაგრძნობა გავუზიაროთ დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენს კოლეგებსა და უკრაინის ხალხს“, – აღნიშნულია ოფიციალურ გვერდზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში ვერტმფრენის კატასტროფის გამო. სამძიმრის განცხადება შალვა პაპუაშვილმა ტვიტერის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
“ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი ბროვარის საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. სულისშემძვრელი ტრაგედია უკრაინისთვის. განსაკუთრებით ვლოცულობ ბავშვებისთვის და ყველა დაშავებულისთვის. მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – წერს პაპუაშვილი.
საფრენი აპარატის ტექნიკური გაუმართაობა თუ დივერსია – ამ კითხვაზე პასუხი, ჯერ-ჯერობით, არ არსებობს, მაგრამ უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, მუშაობენ ყველა შესაძლო ვერსიაზე.
არ არის გამორიცხული, გამოძიება, სამართალდამცველებთან ერთად, სპეციალურმა სამთავრობო კომისიამაც აწარმოოს. მის ფორმირებასთან დაკავშირებით უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ქალაქ ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის რამდენიმე ვერსიას განიხილავს. უკრაინის უშიშროების სამსახური ბროვარში მომხდარ ავიაკატასტროფაზე პირველ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დაწყებულია გამოძიება და განიხილება რამდენიმე ვერსია:
“უკრაინის უშიშროების სამსახურის გამომძიებლებმა კიევის რეგიონში, ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყეს.
ამჟამად ტრაგედიის რამდენიმე ვერსია განიხილება, მათ შორის:
▪️ ფრენის წესების დარღვევა;
▪️ ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა;
▪️ მიზანმიმართული ქმედებები მანქანის განადგურების მიზნით.
SBU-ს თანამშრომლები ატარებენ საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებს, რათა დადგინდეს ყველა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და ტრაგედიის დეტალები.” აცხადებს SBU.