მნიშვნელოვანისიახლეები

1 მომხრე 64 წინააღმდეგი – ოცნებამ ოფშორების კანონპროექტი მიიღო

2021 წლის კვლევის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი 20 ოფშორულ კომპანიას ფლობდა

ე.წ. ოფშორების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, 29 მაისს, მხარი არ დაუჭირეს -1 მომხრე 64 წინააღმდეგი – პარლამენტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და მოტივირებული შენიშნვნები არ გაიზიარა.

შემდეგ კი კენჭი უყარეს კანონპროექტის პირვანდელ ვერსიას, რომელსაც მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები “ქართულმა ოცნებამ” დააინიცირია და დაჩქარებული წესით განიხილა. ცვლილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორი) რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები წესდება:

აქტივების გადაცემის ოპერაციის ფარგლებში, ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და მისი მფლობელი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია მოგების და საშემოსავლო გადასახადისგან;

აქტივის ან საქონლის საქართველოში შემოტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან;

საქართველოს საწარმო, რომელიც ოფშორიდან აქტივებს მიიღებს, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1 იანვრამდე.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აცხადებს, რომ ცვლილებების მიღების ინიციატივა აჩენს ეჭვს, რომ მიზანი სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის ოფშორული კომპანიების აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობაა.

19 აპრილს „ქართულმა ოცნებამ” ეკონომიკური სარგებლის მიღების მოტივით, დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები საგადასახადო კოდექსში. ამ ცვლილებებით, ოფშორული ზონებიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათი გავრცელდება.

ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ კანონი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ერგება და სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინს უკავშირდება.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ოფშორებში 20 კომპანიას ფლობდა, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 2021 წელს მომზადებული კვლევა. ოპოზიცია და ანალიტიკოსების ნაწილი ასევე შიშობენ, რომ ოფშორული კომპანიებისთვის გაუქმებული გადასახადებით „ფულის გათეთრების” რისკი იზრდება.
ცნობისთვის პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარუდგინა. მსხილაძის განცხადებით, პრეზიდენტმა არ გაიზიარა პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ის ჩანაწერი, რომლითაც განისაზღვრება, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე ან აქციაზე) საკუთრების უფლების 2028 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემისას, ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან.

ასევე, კანონით, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან, ხოლო საქართველოს საწარმო, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით, 2030 წლის პირველ იანვრამდე თავისუფლდება ქონების გადასახადისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

მარტივად რომ ვთქვათ, აქტივის ოფშორიდან ქართულ იურიდიულ პირზე გადაფორმება არ დაიბეგრება. ამას გარდა, თუ ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას სხვადასხვა ტიპის აქტივი აქვს, მაგალითად, თვითმფრინავი, ავტომობილი, საქართველოში მათი გადმოტანის დროს იმპორტის გადასახადს არ გადაიხდის. ოფშორული ზონებიდან საწარმოს გადმოტანის შეღავათიანი პირობები 2028 წლის იანვრამდე გაგრძელდება.
პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნავს, რომ მიღებული კანონით არათანაბარი და დისკრიმინაციული გარემო იქმნება როგორც უცხოურ ინვესტორებთან მიმართებით, ასევე ადგილობრივი ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რადგან მათ მიმართ ახალი საშეღავათო რეჟიმი არ გავრცელდება.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებების იმ ნაწილს, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირებს ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, პრეზიდენტი იზიარებს და ის ასახულია მის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის შეფასებით, სრულიად უვნებელი კანონი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა, ვინაიდან „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება დროში დაემთხვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას.

მისი თქმით, ის, რაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა წარმოადგინა, ნამდვილად არ იყო მოტივირებული შენიშვნები და პრეზიდენტის სამოტივაციო ნაწილი სრულად ეყრდნობოდა ე.წ. დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს, თუმცა მათი ვინაობა არ არის დაკონკრეტებული და ამ ნაწილთან დაკავშირებით კითხვა როგორც კომიტეტის, ასევე პლენარულ სხდომაზეც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ პასუხგაუცემელი დარჩა.

როგორც პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, კანონპროექტის პრინციპების დონეზე განხილვისას ოპოზიციის მხრიდან ერთი კითხვაც არ დასმულა და შემდეგ, სავარაუდოდ, მიიღეს მითითება, რომ ე.წ. ოფშორების კანონი კარგი იქნებოდა თემის „ასაწევად“ და გამჭვირვალობის კანონთან დასაკავშირებლად.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ოფშორული ზონების უმეტესობა შექმნილია დასავლეთის იურისდიქციის ქვეშ, კონტროლდება მათ მიერ, შესაბამისად, გამორიცხულია, დასავლეთიდან შემოვიდეს სანქცირებული რუსული ან „შავი ფული“, როგორც ამას ოპოზიცია აცხადებს. მისივე თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ კანონში ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ ოფშორულ კომპანიებს, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე საქართველოში ფლობენ კომპანიებს. კანონის მიღების შემდეგ რეგისტრირებულ ბიზნესზე შეღავათები არ გავრცელდება.
პრეზიდენტმა „ოფშორების კანონს“ ვეტო 3 მაისს დაადო. იგი თავის მოტივირებულ შენიშვნებში წერს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია, არ შეიძლება მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით, განხილვისთვის სათანადო დროის დათმობისა და საზოგადოების ჩართულობის ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე.

ამას გარდა, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ცვლილებებით ინვესტორებისთვის არათანაბარი და დისკრიმინაციული გარემო იქმნება. ოფშორებიდან ბიზნესის გადმოტანის გარდა, საგადასახადო კოდექსში ასევე შევიდა ცვლილება, რომლითაც მოქალაქეებს საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერებათ. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ფიზიკურ პირთა საგადასახადო ამნისტიას არ ეხებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button