10 იანვარს ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა გაიმართება

ნატო დაეთანხმა კიევის თხოვნას, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებული მასშტაბური დარტყმების საპასუხოდ, უკრაინა-ნატო-ს საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარების შესახებ, – ინფორმაციას Kyiv Independent-ი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრზე, დიმიტრო კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კულებას ცნობით, საბჭოს საგანგებო სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იქნება.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრის გამართვაზე ნატო-ს თანხმობა „რუსული ტერორის ესკალაციის ფონზე ევროატლანტიკური ერთიანობის მნიშვნელოვანი ნიშანია“.
მოგვიანებით, ნატო-ს პრესსპიკერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის მოთხოვნით, ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას, ელჩების დონეზე, 10 იანვარს მოიწვევს.
მისი თქმით, დღის წესრიგში იქნება ასევე უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდების დაჩქარების საკითხიც.
სამხედრო ალიანსის პრესმდივანი 4 იანვარს პლატფორმა X-ზე წერს, რომ უკრაინამ შეხვედრის გამართვა ახლახან დაარსებული ნატო-უკრაინის საბჭოს მეშვეობით ითხოვა.
შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა, ბოლო 5 დღის განმავლობაში, უკრაინას სულ მცირე 500 რაკეტითა და დრონით შეუტია, რის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. ამასთან რუსეთის მიერ რაკეტებით და დრონებით განხორციელებულ მხოლოდ ერთ შეტევას 29 დეკემბერს კიევში 32 ადამიანი ემსხვერპლა.