10 საათისათვის ამომრჩეველთა აქტივობამ 7,26% შეადგინა
ამომრჩეველთა აქტივობამ 10:00 საათისთვის 7,26 % შეადგინა, რაც 255 251 ამომრჩეველია.
პირველ ტურთან შედარებით, თითქმის 1.12 პროცენტით ნაკლები ამომრჩეველია მისული ხმის მისაცემად.
ამომრჩეველთა ყველაზე დიდი აქტივობა თბილისის მასშტაბით გლდანში დაფიქსირდა. ასევე, აქტიურობს ნაძალადევი. მოსახლეობის ამომრჩევლების 8.7 პროცენტმა უკვე გააკეთა არჩევანი რუსთავში.
ამომრჩეველთა გაცილებით დიდი აქტივობა მცხეთასა და აჭარაში დაფიქსირდა.
რაც შეეხება საჩივრებს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანი მიქელაძის თქმით, 10:00 საათისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 10 საჩივარია შესული.
ანი მიქელაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გურჯაანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების მიერ წინასწარ იყო ხელმოწერილი შემაჯამებელი ოქმი. მისი თქმით, ეს ფაქტი დაფიქსირდა გარდაბნის ნომერ მე-8 საარჩევნო უბანზე.
ანი მიქელაძე ასევე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს დიდუბის #29 საარჩევნო უბანზე, საერთაშორისო დამკვირვებელი გააძევეს საარჩევნო უბნიდან. მიქელაძის თქმით, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
ანი მიქელაძე ასევე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციის “სამართლიანი არჩევნების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო უბნებზე ხდება ვაუჩერების გაცემა კომისიის წევრებისთვის. მიქელაძის თქმით, საოლქო კომისიის წევრები ამ ფაქტებს შეისწავლიან და ცესკო ამის შემდეგ მოახდენს შეფასებას.