100 ათას ლარზე მეტი საშობაო პრემიებისთვის ლაგოდეხში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საშობაო პრემიები გაიცემა.
საკრებულოს სხდომაზე მიღებული განკარგულებით, პრემიებს მიიღებენ საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლები, გარდა ახლადდასაქმებული პირებისა.
ამისთვის კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, როგორც რადიო “ჰერეთს” საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძემ უთხრა, 100 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.
პრემიების გაცემის საკითხს მხარი არ დაუჭირა პარტია “ქართული ოცნების” ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ლობჟანიძემ, ასევე “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა: ევა ლომთაძემ და ვახტანგ დევიძემ. გიორგი ლობჟანიძემ თქვა “ერთ წრეზე ვტრიალებთ”.
როგორც საკრებულოს სხდომაზე განმარტეს, “2015 წელს ლაგოდეხში სტიქია სამჯერ იყო და თანამდებობის პირებს ბევრი და დაუღალავი მუშაობა მოუწიათ, ამიტომ ისინი პრემიებს იმსახურებენ”.
ოპოზიცია კი ამბობს, რომ “2015 წელს მმართველი გუნდის წევრებს განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებიათ და ისინი ამ ჯილდოს არ იმსახურებენ”.
საკრებულოს სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წელს შესაძლოა პრემიები ერთხელ კიდევ გაიცეს. ბიუჯეტში ამისთვის თანხა უკვე გაწერილია.