მნიშვნელოვანისიახლეები

100%-იან გადახურვას ვერ მოვახერხებთ” “ტრანზიტული ქვეყანა ვართ და სამწუხაროდ ნარკოტიკები შემოდის-გომელაური

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრებს მოუსმინეს

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. დეპუტატების შეკითხვებს მინისტრობის კანდიდატებმა უპასუხეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ გომელაური გამოეხმაურა თბილისში 19 წლის ახალგაზრდის, სავარაუდოდ, ზედოზირების შედეგად დაღუპვის ფაქტს.

„ძალიან ცუდი ფაქტია. არ არის პირველი, არ არის იშვიათი. სამწუხაროდ, 30-40-ის ფარგლებში მერყეობს ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები. ახალგაზრდაა თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს წლოვანებას, რა თქმა უნდა. არის ეს პრობლემა, ეს მსოფლიო პრობლემაა, დამეთანხმებით, ალბათ.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პრობლემა აღმოვფხვრათ. იცით, რომ ნარკომოვაჭრეების დაკავების ფაქტები ძალიან მაღალი გვქონდა. 2023 წელს 284 პირი დავაკავეთ ნარკოტიკებით ვაჭრობაზე. როცა წინა წლებში 70, 20, 30 დაკავება იყო. მარტო 2022 წელს იყო – 202 და 2023-ში – უკვე 284. ამდენი ნარკომოვაჭრე არასდროს დაკავებულა საქართველოში, არცერთ წელიწადს. მესმის, რომ კიდევ ბევრი რაღაცა, სხვა ღონისძიებებია გასატარებელი”, – ამბობს გომელაური.

მისი თქმით, საქართველოსთან შედარებით 10-ჯერ მეტი ადამიანი იღუპება, მათ შორის, ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ის სხვადასხვა შტატში. „თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რადგან იქ იღუპება, ჩვენთანაც უნდა დაიღუპოს. ალბათ ერთობლივად იქნება კომპლექსური სამუშაო და არა მხოლოდ შსს-სი”, – აღნიშნა გომელაურმა.

შს მინისტრობის კანდიდატმა საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შემოტანის მიზეზებზეც ილაპარაკა. „ტრანზიტული ქვეყანა ვართ და სამწუხაროდ, შემოდის ეს [ნარკოტიკული საშუალებები]. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ საბაჟოსთან ერთად, თუმცა ბოლომდე, 100%-იან გადახურვას ვერ მოვახერხებთ ვერანაირად”, – თქვა მან.

ვახტანგ გომელაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ნარკოპოლიტიკის შესაძლო გამკაცრებას. როგორც იგი აცხადებს, მხოლოდ გამკაცრება საკმარისი არ არის და საჭიროა კომპლექსური მიდგომა.

„ნარკოპოლიტიკაზე, კანონზე კითხვები იყო, უნდა გამკაცრდეს თუ არა. მარტო გამკაცრება არ შველის ალბათ, მე ასე ვიტყოდი. კომპლექსური სამუშაოა ნარკოტიკების მიმართულებით, – აღნიშნა გომელაურმა და დაამატა, – შეიძლება, ჩემი მხრიდან იყოს სწორი, რომ ვთქვა, კი, უნდა გავამკაცროთ… რიგ შემთხვევაში არ მუშაობს ეს გამკაცრება. გავამკაცრებთ და დამთავრდება ეს პრობლემა – მე ასე არ ვთვლი და არ მიმაჩნია სწორად. კომპლექსურად არის სამუშაო ნამდვილად”.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას და სამთავრობო პროგრამას, „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უწყება აქტიურად მუშაობს ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის „კანონიერი ქურდების“, „ქურდული სამყაროსა“ და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ.

მისივე თქმით, ასევე, ხორციელდება კიბერდანაშაულის წინააღმდეგ არსებული პრევენციული მექანიზმების გაუმჯობესება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და ამ მიმართულებით მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა რეფორმა, რაც სამომავლოდაც გაგრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, 2023 წელს შემუშავდა და დამტკიცდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა. აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშში დადებითად შეაფასა და ხაზი გაუსვა ზემოაღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტების არსებობის მნიშვნელობას. 2024 წელს იგეგმება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025-2028 წლების ეროვნული სტრატეგიისა და ამავე სტრატეგიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება. აქტიურად ვმუშაობთ ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის „კანონიერი ქურდების“, „ქურდული სამყაროსა“ და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. ასევე, ვახორციელებთ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ არსებული პრევენციული მექანიზმების გაუმჯობესებას“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საგანგებო და ექსტრემალური სიტუაციების მართვის მიმართულებით ისაუბრა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, გასულ წლებში განახლდა ინფრასტრუქტურა და მნიშვნელოვნად გაიზარდა დანაყოფის შესაძლებლობები. ასევე, ხელფასები გაუორმაგდათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავებს.
„აღნიშნული მიმართულებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით. კერძოდ, ბოლო წლებში შეძენილი იქნა 45 ერთეული სახანძრო მანქანა, ოთხი ერთეული წყალზე სამაშველო კატარღა და 64 ერთეული სამაშველო სამსახურისთვის განკუთვნილი სპეცტექნიკა.
გარდა ამისა, მიმდინარე წელს დამატებით იგეგმება 31 ერთეული სახანძრო ავტომობილისა და 15 ერთეული სწრაფმავალი კატარღის შესყიდვა. ამასთან, გასულ წლებში განახლდა ინფრასტრუქტურა და მნიშვნელოვნად გაიზარდა დანაყოფის შესაძლებლობები. ხელფასები გაუორმაგდათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავებს. მოხდა მეხანძრე-მაშველების კვებით უზრუნველყოფა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საფრთხე, რომ საქართველოში შემოიყვანენ რუსებს და რუსეთის ჯარი შემოვა მათ დასაცავად, მითია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
ამასთან, გომელაურმა ისაუბრა რუსეთის მოქალაქეების საქართველოდან გასვლის და ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ სტატისტიკაზე.
„ცხელ დროს, ომის დროს რაც იყო, რუსეთის მოქალაქეების სადღაც 40 პროცენტი უკვე გასულია. მთლიანობაში, 44 პროცენტი იყო, რომლებიც იყვნენ ორმაგი მოქალაქეები. თუ არ ვცდები, 33 პროცენტი იყო ისეთი, რომელიც იყო საქართველოში დაბადებული. ესენი იყვნენ როგორც ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები და ა.შ. რომლებიც წავიდნენ რუსეთში, შემდეგ დაკარგეს მოქალაქეობა და ითხოვდნენ აღდგენას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, იყვნენ დაბადებული საქართველოში, მათი მშობლები, დები, ძმები ცხოვრობენ აქ. აღინიშნა, რომ პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მისთვის მოქალაქეობის მიცემა-არმიცემასთან დაკავშირებით. საფრთხე, რომ საქართველოში შემოიყვანენ რუსებს და რუსეთის ჯარი შემოვა მათ დასაცავად, ეს მითია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
რაც შეეხება პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლას და დეპუტატების შეკითხვებს, გომელაურის თქმით, ოპოზიციის ნაწილს მნიშვნელოვანი შეკითხვები ჰქონდა, თუმცა იყო არასერიოზული კითხვებიც.
„ოპოზიცია, რა თქმა უნდა, იყო ძალიან მტკივნეული შეკითხვებით, იქედან გამომდინარე, მართლა რა საჭიროება და პრობლემაც არის ჩვენს ქვეყანაში, მადლობა მნიშვნელოვანი შეკითხვებისთის. იყო არასერიოზული კითხვებიც, როგორც ყოველთვის, მერამდენედ ვარ პარლამენტში. ყველაზე ვერ ვიტყვი, რომ გამოდის და ცუდს ლაპარაკობს. ყოფილა შემთხვევა, რაღაცაში სწორი იყო და ეს მისაღებია. სულ რომ ფაქტებით მოგვეტანა თემა, არ მოსწონთ, ეს ადამიანები სულ ასე იქნებიან და გული არ მწყდება“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა სახელმწიფო საზღვრის ეფექტიანი მართვა და ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობების გაძლიერება.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვნად გაზრდილია საქართველოს როლი შავი ზღვის რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით.
„უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა სახელმწიფო საზღვრის ეფექტიანი მართვა და ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობების გაძლიერება. მნიშვნელოვნად გაზრდილია საქართველოს როლი შავი ზღვის რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით. საქართველოს ისტორიაში პირველად, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ტაქტიკური ჯგუფის 12-მა თანამშრომელმა საბერძნეთში მონაწილეობა მიიღო ნატო-ს ეგიდით წარმოებულ საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“.
რაც შეეხება სახმელეთო საზღვრის დაცვის გაძლიერებას, 2023 წელს სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სხვადასხვა სამმართველოში მოეწყო ელექტრონული დაკვირვების სისტემები, გაუმჯობესდა მესაზღვრეების შეიარაღება. აქტიურად ვაგრძელებთ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში გამაფრთხილებელი ნიშნების მონტაჟს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ავიაციის გაძლიერების მიმართულებითაც.
„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ავიაციის გაძლიერების მიმართულებით. Airbus Helicopters-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციას პირველი შვეულმფრენი მიმდინარე წლის მარტის თვეში გადაეცემა, ხოლო ივნისის ბოლომდე განხორციელდება დამატებით ორი შვეულმფრენის გადმოცემა. ჯამში, სასაზღვრო პოლიციას მიმდინარე წელს 3 ახალი შვეულმფრენი ეყოლება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შს მინისტრობის კანდიდატი ამტკიცებს, რომ მისი უწყება მაქსიმალურს აკეთებს საოკუპაციო ხაზის გასაკონტროლებლად და იქ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, თუმცა როგორც ვახტანგ გომელაური ამბობს, სრული გაკონტროლება შეუძლებელია და ხშირია “ჩვენი მოქალაქეების გადასვლა საოკუპაციო ხაზზე და მათი დაკავება”.

ამ საკითხზე გომელაურმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა. გომელაური ამბობს, რომ სახელმწიფოს გამოძიებისთვის ბერკეტი არ აქვს:

“სამწუხარო ფაქტია ნამდვილად, თუმცა მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ რთულია ჩვენის მხრიდან რაიმე რეაგირება გავაკეთოთ გამოძიების კუთხით, როდესაც ვერ გადავდივართ და ვერ ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს მეორე მხარეს. აქედან გამომდინარე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, გაძლიერებაა ამა თუ იმ სექტორის, ამა თუ იმ ადგილის. სამმხრივად ხდება შეთანხმება, ჩვენ არ გვაქვს თვითნებურად საგუშაგოს გახსნის, გაუქმების, ან გადატანის [უფლება]. თუნდაც 10 მეტრით რომ გადავაადგილოთ საგუშაგო, უნდა შეთანხმდეს ევროკავშირთან, სადამკვირვებლო მისიასთან, ასევე მესამე მხარესთან. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ ხოლმე მოძრავი პატრული დავნერგოთ და სიღრმეში ვიმუშაოთ რომ არ იყოს შენიშვნა.

მთლიანად გადახურვა შეუძლებელია. 391 კილომეტრია… თავდაცვაც რომ გამოვიყვანოთ, მთელი პოლიცია რომ იქ ჩავიყვანოთ, ფიზიკურად ვერ შევძლებთ 100%-იან კონტროლს” ამბობს გომელაური.

მისი თქმით, საზღვრებს სრულად ისეთი ქვეყანაც ვერ აკონტროლებს, როგორიც აშშ-ია.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, აგვისტოს ომის მონაწილე მაიორი თამაზ გინტური ოკუპანტებმა მოკლეს. მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროდან კადრების გადინებაზე დასმულ კითხვას პარლამენტში ირონიით პასუხობს და ამტკიცებს, რომ ეს მოგონილია.

მისი თქმით, სამინისტრო ცოცხალი ორგანიზმია, “ზოგი სხვა უწყებაში გადადის, ზოგი სახლში მიდის, მაგრამ მოდიან ახლებიც”. როგორც გომელაური ამბობს, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

“ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს თურმე, ზოგი მექსიკით გარბის, ზოგი რა ვიცი, კატარღებით, ზოგი წყალქვეშა გემებით, საიდან რას იგონებენ ეს ადამიანები არ ვიცი. არაერთხელ მითქვია მე, შინაგან საქმეთა სამინისტროში 40 ათასი ადამიანი ვართ. პოლიციელი გვყავს ძალიან ბევრი და სტატისტიკას მოგიყვანთ. მაგალითად, 2023-ში დათხოვილი თანამშრომლები იყო 2965 და 2909 ახალი მივიღეთ. 2022-ში 4000 ადამიანი წავიდა, 3 200 ადამიანი მივიღეთ. ცოცხალი ორგანიზმია. მიდის და გარბის და ყველა ტოვებს, ნამდვილად ვერ დავეთანხმები ქალბატონ ხატიას…წლიურად ვიღაც წავიდა და ახალი მივიღეთ, ეს მე მგონი პრობლემას არ წარმოადგენს არანაირის,” – ამბობს გომელაური.

კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სასამართლოში უჩივლებს ყველას, ვინც მას გელათის გამო “ცილს დასწამებს.” როგორც წულუკიანი ამბობს, მის თანამშრომლებს ასეთი დავალება აქვთ.

“მე ვაპირებ და ასეთი დავალება აქვთ ჩემს თანამშრომლებს, რომ ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ, ყველა ამგვარი განცხადება დასრულდება სასამართლოში. იმიტომ, რომ ამის მოთმენას მე პირადად აღარ ვაპირებ. როგორც იუსტიციის სამინისტროში, ისე აქ, ყველაფერი, რასაც ჩემი ხელმძღვანელობით, ჩვენი სისტემის თანამშრომლები აკეთებდნენ 8 წლის მანძილზე იუსტიციის სისტემაში და აკეთებენ აქ, რა თქმა უნდა, ყველაფერზე პასუხს ვაგებ მე. და პასუხს ვაგებ არა მხოლოდ დღეს, არამედ 10, 20 და 50 წლის შემდეგაც. მაგრამ როდესაც რაღაცაში არ ვართ ჩართული, მე ვერავის ვერ მივცემ უფლებას, რომ სამინისტროს თანამშრომლებს მიაყენოს შეურაცხყოფა,” – თქვა წულუკიანმა გელათის მონასტრის რეაბილიტაციაზე საუბრისას.

იმის თქმა, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს უწევთ საფასურის გადახდა სახელმწიფო ენის შესწავლის მიზნით, ეს არის მცდარი, არის სიცრუე, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, თეა ახვლედიანმა საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ქართული ენის სწავლებას, აქაც მინდა, საზოგადოებას განვუმარტო, რომ გამორჩეულად, გამოყოფილად იმის თქმა, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს უწევთ საფასურის გადახდა სახელმწიფო ენის შესწავლის მიზნით, ეს არის მცდარი, არის სიცრუე – ჩვენ სამი წლის განმავლობაში, რაც მე მინისტრი ვარ, სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის საჯაროდაც, ძალიან სიღრმისეულად ვმსჯელობთ იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის განათლების თითოეულ საფეხურზე, დაწყებული სკოლამდელი განათლებიდან, საშუალო განათლების დონეზე, პროფესიულ თუ უმაღლეს სასწავლებლებში და არაფორმალურ განათლებაში. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობები არის სრულიად უფასო და ძალიან მრავალფეროვანი. იმ მიზნით, რომ საზოგადოებისთვის განგვემარტა აღნიშულის თაობაზე, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, აწარმოა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია: „ქართული ენა გვაერთიანებს – ისწავლე ქართული“ სწორედ იმისთვის, რომ თითოეულ ადამიანს სიღრმისეულად ჰქონოდა ინფორმაცია იმ შესაძლებლობების თაობაზე, რომელთაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენი ქვეყნის არაქართულენოვან თანამოქალაქეებს“,- განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, „1+4 პროგრამა“ ჩვენს სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან თანამოქალაქეებს აძლევს უმაღლეს სასწავლებელში განათლების მიღების მიზნით ქართული ენის შესწავლის ერთწლიან უფასო პროგრამაში ჩარიცხვის შესაძლებლობას.

„სწორედ ამიტომ ეს პროგრამა ძალიან პოპულარული გახდა, მის მიმართ ინტერესი მზარდია, რაც სასიხარულოა. ჩვენ ვიცით არსებული გამოწვევების თაობაზეც, მაგალითად ის, რომ გაზრდილი ინტერესის და საჭიროებიდან გამომდინარე, მიჩნეულია, რომ მოთხოვნა არის მზარდი და უფრო დიდი. სწორედ ამიტომ, ხაზი გავუსვი, რომ განათლების სამინისტროსთან ერთად, ერთიანი მიდგომით, ვამუშავებთ იმ პრინციპებს, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ამ პროგრამის საუკეთესო ადაპტაცია, არსებულ საჭიროებებთან მაქსიმალურად მორგების მიზნით. დაწყებულია კომპლექსური კვლევა, რომლის დასრულებისთანავე, კვლევის შედეგების გათვალისწინებით, პროგრამა იქნება ადაპტირებული ჩვენი არაქართულენოვანი ახალგაზრდების სასარგებლოდ იმისთვის, რომ თითოეულ მათგანს მიეცეს ის შესაძლებლობა, რომელსაც ელოდება. მანამდე კი, თუ ვინმეს არ აქვს ამ პროგრამაში ჩარიცხვის შესაძლებლობა, არსებობს არაერთი ალტერნატიული, უფასო შესაძლებლობა იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა შეისწავლონ ქართული ენა“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას ზურაბ აზარაშვილმა მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიზნით გატარებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის თქმით, სამინისტრომ, რეგულირების სააგენტოს მეშვეობით, იმ უცხოური საწარმოების შემოწმება დაიწყო, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში იმპორტით შემოდის.

„ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლისა და მაღალი ხარისხის წამლის მიმოქცევის უზრუნველყოფის მიზნით ჩვენ უკვე შევამოწმეთ ბანგლადეშის, ინდოეთისა და უზბეკეთის საწარმოები, საიდანაც საქართველოს ბაზარზე მედიკამენტები აქტიურად შემოდის. ფარმაცევტული სფეროს რეგულირების მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწა სამომავლო რეფორმების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომელიც სამინისტრომ 2023 წელს აამოქმედა, სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას. ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ულტრათანამედროვე აპარატურით აღიჭურვა და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტდა. შედეგად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ქვეყანაში წარმოებული თუ იმპორტირებული წამლების ხარისხი მონიტორინგი ვაწარმოოთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჩამოყალიბდა ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვის ახალი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც დაიწყო პირდაპირი მოლაპარაკების გზით ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვა. გაფორმებულია ხელშეკრულება 21 სხვადასხვა დასახელების პრეპარატის შესყიდვაზე ორ უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანიასთან – „როშთან“ და „ნოვარტისთან“. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში უკვე დაწყებულია მედიკამენტების ბენეფიციარებისთვის მიწოდება, – ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ იგეგმება კიდევ ერთ მსხვილ საერთაშორისო მწარმოებელთან ხელშეკრულების გაფორმება. მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებების კიდევ უფრო მეტად დაკმაყოფილებას, რადგან მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული ფასდაკლებული ფასების ფონზე უფრო მეტი მედიკამენტის მიწოდებაა შესაძლებელი პაციენტებისთვის.

„მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2024 წლიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა – საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის სრულად იფარება ქრონიკული დაავადებების მართვისთვის საჭირო მედიკამენტები“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, გასული ორი წლის განმავლობაში ფარმაცევტულ სფეროში უპრეცედენტო მასშტაბის და მნიშვნელობის რეფორმები გატარდა.

„2022 წლის დასაწყისში თურქეთიდან პროაქტიული რეჟიმით გაიზარდა მედიკამენტების იმპორტი ქვეყანაში, რამაც გააუმჯობესა კონკურენცია ბაზარზე და შეამცირა მედიკამენტების ფასები. 2023 წლის იანვრიდან დღემდე 6 000-ზე მეტ მედიკამენტზე უკვე დაწესდა რეფერენტული ფასი, რომელზე უფრო მაღალ ფასად მათი რეალიზაცია აეკრძალათ ფარმაცევტულ კომპანიებს. გატარებული რეფორმების შედეგად, საშუალოდ, 45%-ით შემცირდა ფასები მედიკამენტებზე, რასაც ასევე მოწმობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც, 2023 წლის განმავლობაში, მაგალითად, ანტიბიოტიკების ჯგუფზე ფასის 41%-იანი კლება დაფიქსირდა ქვეყანაში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

ქართული ჯარი ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული ნაწილია, ის ყოველთვის იყო ქვეყნის შიგნით და გარეთ პროფესიონალიზმის, სანდოობისა და სიმტკიცის მაგალითი, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

გრძელდება დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეფექტიანი პოლიტიკა. 2023 წელს დავიწყეთ დევნილთა განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, 2025 წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებელი ფართი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა, – აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„ახალი საცხოვრებელი კომპლექსები საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში მოეწყობა. მშენებლობის მაღალი ტემპის გათვალისწინებით, წელს უკვე დაგეგმილია თბილისსა და ქუთაისში რამდენიმე ასეული ბინის გადაცემა. პროგრამის ბიუჯეტი, ჯამში, დაახლოებით, 900 მილიონ ლარს შეადგენს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სოფლის ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ინერგება ტელემედიცინის სერვისები.

„ჩავატარეთ 1000-ზე მეტი სოფლის ამბულატორიის ინფრასტრუქტურული მდგომარეობის ანალიზი. 2023 წელს, დავიწყეთ 100-მდე ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რაც ყოველწლიურად უწყვეტად გრძელდება. გრძელდება სოფლად პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ინოვაციური ტექნოლოგიების, კერძოდ ტელემედიცინის დანერგვა, რითაც უკვე 2500-მდე სოფლად მცხოვრებ ადამიანს ჩაუტარდა სპეციალისტის კონსულტაცია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა, უდიდესი პატივისცემა გამოვხატო ჩვენი პროფესიონალი და გმირი სამხედროების მიმართ, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართვლოს თავდაცვის ძალებმა ურთულესი გზა გამოიარა, ბრძოლები ტერიტორიული მთლიანობისათვის, რუსეთ-საქართველოს ომი, საერთაშორისო მისიები. ყოველ ჯერზე ღირსებით და სიმამაცით იცავდნენ ჩვენი სამხედროები ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული სამხედროების ხსოვნის წინაშე. დიდება მათ!“ – განაცხადა ჩიქოვანმა.

ჩიქოვანმა პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურა თავდაცვის ძალების თითოეულ წარმომადგენელს და აღნიშნა, რომ მისთვის საამაყოა თავდაცვის ძალების კიდევ უფრო განვითარებისთვის მათთან ერთად მუშაობა.

„საამაყო და საიმედოა, რომ თავდაცვის ძალების განვითარებისთვის ვიმუშავებ უაღრესად გამოცდილ, ღირსეულ და პატრიოტ ადამიანებთან ერთად. მინდა, დიდი პატივისცემა დავაფიქსირო თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ გიორგი მათიაშვილის მიმართ, მისი მოადგილეების, გენერალური შტაბის შემადგენლობის, სარდლობების ხელმძღვანელების, ოფიცრების, სერჟანტების, კაპრალებისა და თითოეული რიგითის მიმართ“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პოლიტიკური გუნდის თითოეულ წევრს, განსაკუთრებით კი, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს, ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.

ირაკლი ჩიქოვანმა იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის ძალების შემდგომი გაძლიერებისთვის პარლამენტთან ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

გიორგი ამილახვარის თქმით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებული დოკუმენტის თანახმად, მთავარი ორიენტირი კეთდება მოსწავლეებში ეროვნული ღირებულებების, ეროვნული იდენტობის, სახელმწიფოებრივი ცნობიერების, ზოგადსაკაცობრიო და უნივერსალური ღირებულებების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაზე.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, პრიორიტეტი იქნება კვლევასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებით ზოგადი განათლების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, სისტემის განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვა.

გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები გააცნო და სამომავლო გეგმები განიხილა.

„ზოგადი განათლების სისტემის განვითარების მიზნით, მომდევნო წლების განმავლობაში გაგრძელდება მუშაობა სისტემის დეცენტრალიზაციის კუთხით, გაიზრდება სკოლების ავტონომიურობის ხარისხი, რესურსცენტრების როლი და შეიქმნება სკოლების მხარდამჭერი ძლიერი სისტემური მექანიზმები. ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით გაგრძელდება საჯარო სკოლების ავტორიზაცია.

გრძელდება ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმისა და შესაბამისი სასწავლო რესურსების შექმნა და განვითარება, შემუშავდება საშუალო საფეხურის ახალი კონცეფცია, დაინერგება ფართომასშტაბიანი სასკოლო შეფასების სისტემა და გაგრძელდება ელექტრონული რესურსების განვითარება. პარალელურად, გაგრძელდება სახელმძღვანელოების განახლებისა და ახალი სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი და დაიწყება სკოლის საშუალო საფეხურიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანზიციის ახალ მოდელზე მუშაობა.

ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერის მიზნით, ყველა არაქართულენოვან საჯარო სკოლაში დაინერგება ბილინგვური განათლება, გაძლიერდება როგორც მათი მშობლიური ენის, ასევე სახელმწიფო ენის სწავლა-სწავლება. მნიშვნელოვანია, რომ ვაგრძელებთ მუშაობას უცხოეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლების ხელშეწყობის კუთხით. შესაბამისად, აქტიურად გაგრძელდება მათთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების მრავალფეროვანი კურსების შეთავაზება“,- განაცხადა ამილახვარმა.

სკოლებში თანასწორი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით მინისტრობის კანდიდატმა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში შეიქმნება ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურების მაკოორდინირებელი სტრუქტურული ერთეული. ამასთან, განხორციელდება ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის ტრანსფორმაცია ფსიქო-საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებისა და კონსულტირების გუნდად. სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, გაუმჯობესდება პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების, ასევე ფსიქო-სოციალური მომსახურების მიღების მოქნილი და შედეგებზე ორიენტირებული მექანიზმები, გაიზრდება მოსარგებლე საჯარო სკოლების რაოდენობა, სადაც სოციალური მუშაობის კომპონენტით მანდატურის სამსახური არის წარმოდგენილი. განხორციელდება სკოლებში აღდგენითი ურთიერთობების მიდგომების დანერგვა „პროცესზე ორიენტირებული უსაფრთხო სკოლის“ მოდელის განვითარებისათვის, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სასკოლო მედიაცია წარმოადგენს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამართულ ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შედეგებზე ისაუბრა.

„დასრულდება მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით, რის შედეგადაც მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ვინაობა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა – არის ეს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი, ფიზიკური თუ იურიდიული პირები, და, შესაბამისად, დღეს არსებული პრობლემები, რაც, დაახლოებით, 1 000 000 ჰექტარზე არსებობს, ერთხელ და სამუდამოდ, როგორც უკვე ვახსენეთ, გადაიჭრება“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სისტემური რეგისტრაციის რეფორმას ახორციელებს, რომელიც 2024 წლის ბოლოს დასრულდება.

„მიწის სისტემური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნება, უფრო ეფექტურად წარმართოს მიწის ადმინისტრირების და მიწით სარგებლობის პოლიტიკა, ასევე შეეწყობა ხელი არსებული ბუნებრივი რესურსის ბაზისა და დაცული ტერიტორიების დაცვასა და შენახვას. ასევე, ეკონომიკურ ბრუნვაში სამართლებრივად უსაფრთხო ობიექტების რაოდენობა უპრეცედენტოდ გაიზრდება“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button