ეკონომიკამსოფლიო

100-ზე მეტმა რუსმა ეკონომისტმა ღია წერილი გაავრცელა, სადაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს აპროტესტებენ

რუსეთის ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს

რუსი ეკონომისტების ნაწილმა ღია წერილი გაავრცელა, სადაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს აპროტესტებენ.

მათი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებით, რუსეთის ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს, რადგან მას ექნება დიდი უარყოფითი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე და შესაბამისად მის მომავალზე.

„ჩვენ, ეკონომისტების საზოგადოება, ვინც ვმუშაობთ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო კვლევით ცენტრებში რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ, ვაცხადებთ პროტესტს ომის წინააღმდეგ, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო. ჩვენ მოვითხოვთ საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას და უკრაინიდან რუსული ჯარების გამოყვანას. უკრაინაზე თავდასხმა მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოზე დაუსაბუთებელი აგრესიის აქტია,“- ნათქვამია წერილში.

ამასთანავე, ეკონომისტები რუსეთის ეკონომიკისთვის სერიოზულ უარყოფით შედეგებს წინასწარმეტყველებენ – ფასების ზრდა, შემოსავლისა და ინვესტიციების დაცემა, დანაზოგის გაუფასურება, სოციალური ხარჯების შემდგომი შემცირება, ადამიანური კაპიტალის სწრაფი ხარჯვა ემიგრაციის შედეგად.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ რუსეთის ხელისუფლების მოქმედებები უზარმაზარ ზიანს აყენებს რუსეთის მომავალს. უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებით, რუსეთის ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს,“- ნათქვამია განცხადებაში.
წერილს 100-ზე მეტი ეკონომისტი აწერს ხელს.

მსგავსი პოსტები

Back to top button