მნიშვნელოვანისაქართველო

11 დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია

მთის სათხილამურო კურორტ გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად 11 დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მედიასთან განცხადება საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ გააკეთა. სოფრომაძის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლებს საფრთხე არ ემუქრება.

”ორი პაციენტი უკვე ღუდუშაურის კლინიკაშია. დანარჩენი კი გზაშია და მოემართებიან თბილისისკენ. მათგან 4 მოთავსდება ღუდუშაურის კლინიკაში, ხოლო ერთი, შვედეთის მოქალაქე, ორსული ქალბატონი “მედიქლაბში”. უკვე ჩამოყვანილი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უკრაინის მოქალაქე ქალბატონს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობა. ხოლო მეორე ტურისტის მდგომარეობა შედარებით მსუბუქი სიმძიმისაა. ზედმეტი პანიკის საფუძველი არ არის და არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორსული ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დღეს,16 მარტს, გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე საბაგირო ავარიულად გაჩერდა. საქართველოს შსს-ს პირველადი ინფორმაციით, ავარიულად გაჩერების შემდეგ საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა. რადიო თბილისის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო და საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. მომხდარის გამო, გუდაურში გაემგზავრა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელმაც განაცხადა რომყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება.

“საბაგირო გზა იყო შემოწმებული, თუმცა, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. აუცილებლად, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ის, ვინც ამაში დამნაშავედ გამოვლინდება,“ – განცხადა ვიცე პრემიერმა.

გუდაურში მომხდარ შემთხვევაზე შეფასებები ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროში მომუშავე ექსპერტებმა გააკეთეს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე მაია სიდამონიძე “რუსთავი2”-თან ამბობს, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა გაზრდილია, პასუხისმგებლობა დამსვენებლების უსაფრთხოებაზე ხელისუფლებასთან ერთად იმ ბიზნესჯგუფებსაც ეკისრებათ, რომლებიც კონკრეტულ ბიზნესსაქმინობას ეწევიან.

პირველი საბაგირო გზა გუდაურში 1988 წელს აშენდა, რამაც კურორტის შემდგომ განვითარებას ხელი შეუწყო. აღნიშნულ ეტაპზე არსებული 14 საბაგირო, დამსვენებლებს ყოველდღიურად 10:00 საათიდან 16:30 საათამდე ემსახურება და საათში 11000 ვიზიტორი გადაჰყავს. აღსანიშნავია, რომ კურორტზე ჭარბობს მსოფლიოში წამყვანი ავსტრიული კომპანიის “დოპელმაიერის” (Doppelmayr) საბაგიროები. ქვედა საბაგირო ზღვის დონიდან 1993 მეტრზე, ზედა საბაგირო კი – 3276 მეტრზე მდებარეობს. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი 7 კილომეტრია.

“კურორტზე 2016 წლიდან მოთხილამურე პატრული უზრუნველყოფს დამსვენებლების უსაფრთხოებას,  გამოცდილი მაშველები კი შესაბამისი აღჭურვილობისა და პროფესიონალიზმის წყალობით, ოპერატიულად აღმოუჩენენ დაზარალებულს პირველად სამედიცინო დახმარებას. აღსანიშნავია, რომ გუდაურის განვითარების გეგმა მსოფლიოში წამყვანი სამთო-სათხილამურო კურორტების დამგეგმავმა კომპანია ეკოსაინმა მოამზადა.”- ნათქვამია კურორტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button