მნიშვნელოვანისიახლეები

112-მა პარლამენტთან აქციების ფონზე სახის და ემოციების ამომცნობი 30 კამერა იყიდა

112-მა პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ შეისყიდა ჩინური წარმოების 30 სათვალთვალო კამერა, რომლებსაც ადამიანების სახისა და ემოციების ამოცნობა შეუძლია.

აქციებზე სახის დაფარვა იკრძალება ახალი რეგულაციებით, რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტმა უკვე მიიღო და რომელიც ძალაში შესასვლელად ხელმოწერას ელოდება.

112 განმარტავს, რომ რუსთაველზე საპროტესტო დემონსტრაციების დროს არაერთი კამერა დაზიანდა და მათი ჩანაცვლება გახდა საჭირო.

კონტრაქტის ღირებულება თითქმის 85 000 ლარია.

კამერების მახასიათებლები
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულმა „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა“ (112-მა) 12 დეკემბერს გამარტივებული შესყიდვით შეიძინა 30 ერთეული ვიდეოსათვალთვალო კამერა.

30-ვე მათგანი არის ჩინური კერძო კომპანიის, Dahua-ს წარმოებული.

112-მა სამი სხვადასხვა მოდელის ვიდეოკამერები შეისყიდა – სრული კომპლექტაციით და დამატებით ქსელური გამანაწილებლებით.

Dahua-ს ვებსაიტის თანახმად, ამ კამერებს შეუძლია:

ადამიანის სახის და სხეულის ამოცნობა; ასევე, ავტომობილების ამოცნობა;
ემოციების ამოცნობა (სახის გამომეტყველების მიხედვით, „სიბრაზე, მოწყენილობა, სიძულვილი, შეშინებული, გაკვირვებული, მშვიდი, ბედნიერი, დაბნეული“);
ამოცნობა, აქვს თუ არა ადამიანს ნიღაბი;
ადამიანის სქესისა და ასაკის ამოცნობა;
ტვირთავს სახის მაღალი გარჩევადობის ფოტოებს და შეუძლია ფოტოების ხარისხის გაუმჯობესება.
მახასიათებლების თანახმად, კამერები ხშირად გამოიყენება ინდუსტრიულ სამუშაო სივრცეებში.

112-ის დასაბუთება
112-ის დირექტორი გიორგი არსოშვილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს, ლევან რაზმაძეს განუმარტავს, რომ:

28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში, საპროტესტო აქციებზე „დაზიანდა რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული 115 ერთეული ვიდეოკამერა“;
„დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ და „საზოგადოებრივი უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით“, 112-ს „შესაძლოდ მოკლე ვადაში ესაჭიროებოდა ვიდეოკამერები“;
ის ასევე წერს, რომ „ახალი ვიდეოკამერების დამონტაჟების ტიპი უნდა იყოს პოტენციურად ძნელად მისაწვდომი“.
მანამდე, 4 დეკემბერს, 112-ის უფროსს სამმა თანამშრომელმა ჩააბარა პატაკი, რომლის თანახმადაც 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე დაზიანდა 85 ვიდეოკამერა, მათ შორის 81 სტატიკური და 4 მართვადი ტიპის Dahua-ს ბრენდის კამერა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ 15 დღეში ორი ადამიანი დააკავა პარლამენტთან კამერების დაზიანებისათვის.

ამავე პატაკის თანახმად, 112-ის თანამშრომლებს 30 ერთეული კამერა საერთოდ არ დახვედრიათ ადგილზე. სწორედ 30 კამერის შესყიდვაზე გაფორმდა ხელშეკრულება.

კონტრაქტის თანახმად, კომპანიას 13 დეკემბრამდე უნდა მიეწოდებინა საქონელი.

112-ის წარმომადგენლები წერენ, რომ „გარკვეულ ლოკაციებზე ვიდეოკამერების არქონა უარყოფითად აისახებოდა საპროტესტო აქციების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

მიმწოდებელი
კამერები 112-მა იყიდა კომპანია GSC-ისგან („ჯი ეს სი)“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ „ტენდერების მონიტორის“ თანახმად, GSC-ს 2011 წლიდან 2024 წლის ბოლომდე ასობით ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, ხოლო მისი მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება 11,76 მილიონი ლარია.

კომპანია 1998 წელსაა რეგისტრირებული და მისი მფლობელები სულიკო და მამუკა სიმაევები არიან.

GSC ყიდის სხვადასხვა პროდუქციას, მათ შორის – ვიდეომეთვალყურეობის კამერებს, სახანძრო და დაცვითი სიგნალიზაციის სისტემებს, დარტყმაგამძლე და ტყვიაგაუმტარ მინებს, ასევე კარებისა და ჭიშკრის მართვის მოწყობილობებსა და ბარიერებს.

მწარმოებელი
Dahua, რომლის წარმოებული კამერებიც იყიდა 112-მა, ჩინეთში რეგისტრირებული კომპანიაა, რომელიც სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ.

სანქცირების საფუძველი ისაა, რომ კომპანიის ტექნოლოგიებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა იყენებდა სინძიანის პროვინციაში მცხოვრები უიღურების რეპრესიის იარაღად.

ჩინეთის კომუნისტურ რეჟიმს შესაძლებლობა ჰქონდა, ეთვალთვალა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის, რადგან „სათვალთვალო კამერებს შეეძლო უიღურების ამოცნობა და ჩინელებისგან გარჩევა“.

საქართველოში უკვე მე-16 დღეა, საპროტესტო დემონსტრაციები იმართება „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების გამო, უარი თქვან ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგში დაყენებაზე „2028 წლამდე“.

პოლიციამ არაერთხელ დაარბია აქციის მონაწილეები.

პარალელურად პარლამენტში მიიღეს წყება საკანონმდებლო ცვლილებებისა, რაც დემონსტრაციებს უკავშირდება და, ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, უფლებრივ მდგომარეობას აუარესებს.

ერთ-ერთი ცვლილებით, აქციის მონაწილეებს სახის დაფარვა ეკრძალებათ.

კანონში ჩაიწერება, რომ აკრძალულია „სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა“.

ამ წესის დარღვევისთვის მოქალაქეებს 2000 ლარით დააჯარიმებენ.

აქციის მონაწილეებს პოლიციისგან გაშვებული ცრემლსადენი აირისგან თავის დასაცავად სპეციალური ნიღბები უკეთიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button