17 მოქალაქე გარდაიცვალა და 3 დაშავდა სოფელ ბისოს სახლოვეს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/08/1434102972_shatili-2.jpg)
17 მოქალაქე გარდაიცვალა და 3 დაშავდა შატილის გზაზე,სოფელ ბისოს სახლოვეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
როგორც სამინისტროდან რადიო ჰერეთს განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. შსს ცნობით, დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ტერიტორიაზე უკვე ამოიყვანეს, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ.
სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები კი გრძელდება.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ამ წუთებშიც მიმდინარეობს მგზავრთა იდენტიფიცირება და სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, “შატილის ტური” ერთ-ერთი ტურ-კომპანიის მიერ იყო ორგანიზებული. ტურის მონაწილეები თბილისიდან დღეს, დილის 5 საათზე გავიდნენ და შატილიდან უკან გვიან საღამოს უნდა დაბრუნებულიყვნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევამდე მიკროავტობუსის მგზავრები თაფლის შესაძენად სოფელ ბისოში გაჩერდნენ.
წინასწარი ინფორმაციით,ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოდან ბარისახოსკენ მომავალ გზაზე, მოსახვევში, პირდაპირ ხევში გადავარდა.
სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.